24 დეკემბერი 2024,   22:32
ვრცლად
"მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება" - გივი მიქანაძე

"ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ბოლო დღეებში აგორებულ სიცრუის ტირაჟირებაზე, ვითომ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ხდება ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. ამგვარი სიცრუის კამპანია დამახასიათებელია რადიკალებისთვის და ამის არაერთი მცდელობა ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნებზე ვნახეთ, რაც საბოლოოდ დადასტურდა რომ მხოლოდ სიცრუე და დეზინფორმაცია იყო," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განახცხადა.

ამასთან, მიქანაძემ წარმოადგინა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მმართველი გუნდის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მიზნით, მიმდინარეობს ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება. 

"არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად იზრდება დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი როგორც მედია ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. დღეს ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ბოლო დღეებში აგორებულ სიცრუის ტირაჟირებაზე ვითომ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ხდება ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. ამგვარი სიცრუის კამპანია დამახასიათებელია რადიკალებისთვის და ამის არაერთი მცდელობა ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნებზე ვნახეთ, რაც საბოლოოდ დადასტურდა რომ მხოლოდ სიცრუე და დეზინფორმაცია იყო.

ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მმართველი გუნდის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მიზნით. კერძოდ:

17 ოქტომბერს თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წნორში, მოხუცთა თავშესაფარში 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და ოფისში წაიღეს. წარმოდგენილი ინფორმაცია სიცრუე რომ არის, ამაზე თავად კორძაიას განცხადება მეტყველებს, რომლის თანახმად [ვციტირებ] „ჩვენ ვიცით თითოეული ამ მოქალაქისა და ამ დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები და გვარები, რომლებსაც დღეს შეგნებულად არ დავასახელებთ“. რეალურად, არანაირი პირადობის ჩამორთმევას ადგილი არ ჰქონია და არის მტკნარი სიცრუე. თუმცა, თამარ კორძაიასგან მსგავსი განცხადება არავისთვის გასაკვირი არ იქნება, რადგან 2020 წლის და 2021 წლის არჩევნებზე იგი სიცრუის ტირაჟირებით იყო დაკავებული, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი გახლდათ.

17 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარმა“ გაუშვა სიუჟეტი, რომლითაც რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებით მანიპულირებას შეეცადა. სიუჟეტში გაჟღერებული სიყალბე არის რუსთავში წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვის მცდელობა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა რუსთავის მერმა, რომლითაც დადასტურდა, რომ სიუჟეტში ასახული ინფორმაცია არის სრული სიყალბე, და მიმართა უწყებათაშორის კომისიას და სადამკვირვებლო მისიებს, რათა დეტალურად შეისწავლონ მომხდარი ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიული ტელევიზიების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის და სიცრუის გავრცელების მორიგი ფაქტი, აისახოს შესაბამის დასკვნებში.

ფაქტია, რომ ამ სიცრუის ნარატივის გავრცელებას ხელს უწყობენ ე.წ. ნეიტრალური ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რითაც ისინი კიდევ ერთხელ საზოგადოებას აჩვენებენ რომ მათ ნეიტრალიტატთან და მიუკერძოებლობასთან საერთო არაფერი აქვთ.

დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ჩაატარა ბრიფინგი, სადაც წარადგინა შუალედური ანგარიში და გამოეხმაურა ანტიკორუფციული კომისიის ბიუროს გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზნების მატარებელ სუბიექტებად კონკრეტული ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების დადგენას და ამას კანონის არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა, ისევე როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ ოპოზიციური ტელეკომპანიების მხრიდან „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდორგოლის არგაშვებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენას. გარდა იმისა, რომ ორივე საკითხთან მიმართებში იმსჯელა სასამართლომ და დაადასტურა კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა სისწორე, ყველასთვის ნათელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და „აირჩიე ევროპის“ წარმოამდგენლები უშუალოდ იყვნენ და არიან პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, სხვა რომ არაფერი მათი წარმომადგენლები სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს დეპუტატობის კანდიდატებად პარტიულ სიებში და დადგენილია მათი მხრიდან პარტიების სასარგბელოდ განხორციელებული არაერთი შემოწირულობა. ამიტომ, მსგავსი განცხადებების გაკეთება, იმის ფონზე, რომ კვლავაც მიმდინარეობს მმართველი გუნდის წინააღმდეგ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ფაქტების იგნორირება, კიდევ ერთხელ ავლენს ადგილობრივი ორგანიზაციების მიკერძოებულობას.

შესაბამისად, მივმართავთ ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებს, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება და არასწორი აღქმების ჩამოყალიბება ამომრჩევლებს შორის, მათი პასუხისმგებლობაცაა; ამიტომ, მოვუწოდებთ, რომ მათი მხრიდან ამ ფაქტებს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.

მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება, ასევე - ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მათი მხარდაჭერის კუთხით პოზიციონირება," - განაცხადა გივი მიქანაძემ. 

დღის ამბები