19 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
"ნამდვილად გვაქვს შესაბამისი მასალები, რომლითაც საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს" - ლევან სანიკიძე

ერთ კვირაში არჩევნებია, პოლიტიკურ სპექტრში კი ურთიერთბრალდებები იზრდება. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ხელისუფლებას მოქალაქეებისთვის პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს.

მმართველი გუნდის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ "ოცნება" ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ, პირადობის მოწმობებს უკანონოდ, საარჩევნო მანიპულაციისთვის აგროვებს.

"ქართული ოცნება" ბრალდებებს უარყოფს და ოპოზიციის, კონკრეტული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ კამპანიაზე საუბრობს, რომელიც, მათი თქმით, პირადობის მოწმობების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.

მმართველ გუნდში ამბობენ იმასაც, რომ ოპონენტები ყოველ არჩევნებზე ერთი და იგივე სქემას იყენებენ.

პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო კამპანიის სპიკერი ლევან სანიკიძე აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება საკითხით ჯერ არ დაინტერესებულა.

"უნდა გვესმოდეს, რომ ესენი არიან ძალიან მოწყვლადი ადამიანები. მათი საჯაროობა არის პრობლემა. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მასალები, ისევე როგორც აუდიო ჩანაწერები. ჩვენი მიმართვის გარეშე, საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს, თუ გამოჩნდნენ... ჩვენ შესაბამისი მასალები ნამდვილად გვაქვს," - აცხადებს სანიკიძე.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა, ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.

"მაშინ, როდესაც მათი პასუხისმგებლობაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და მათ თქვეს, რომ პასუხისმგებლობას იღებენ, ამ დროს კი პირადობის მოწმობებზე ამბობენ, რომ ასეთი რამე არ ხდება, რატომ არ უშვებენ იმას, რომ საგამოძიებო უწყებებმა ეს საკითხი გამოიძიონ,"- აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები