19 ოქტომბერი 2024,   18:41
ვრცლად
“ჩემი პოსტი არანაირად არ ეხებოდა პირადობის მოწმობის მტკიცებულების სახით გამოქვეყნებას, ეს უბრალოდ საიტიდან აღებული ნიმუში იყო” - ბეჟაშვილი აცხადებს, რომ “გაყალბებულ” პირადობაზე არა რეალური ფოტო, არამედ ინტერნეტიდან აღებული ნიმუში გამოიყენა

"ჩემი პოსტი არანაირად არ ეხებოდა პირადობის მოწმობის რაიმე მტკიცებულების სახით გამოქვეყნებას", - ასე პასუხობს ლევან ბეჟაშვილი "რუსთავი 2-ის" კითხვას - ვისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფოტო დაურთო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს?

საქმე ეხება X-ზე გამოქვეყნებულ ტექსტს, სადაც ავტორი, ინგლისურენოვანი ტექსტით, წერს, რომ "ქართული ოცნების" რწმუნებულმა, საარჩევნო მანიპულაციების მიზნით, წნორის ხანდაზმულთა სახლიდან პირადობები "ამოიღო".

"რუსთავი 2-თან" საუბრისას, ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, პოსტის შინაარსიდან გამომდინარე, პირადობის მოწმობის ფოტოს ნიმუში გამოიყენა და არა - კონკრეტული პირის ID-ბარათის ვიზუალური მასალა.

"სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი ეხება ჩვენი და საერთაშორისო დამკვირვებლების (რომლებიც უკვე საქმის კურსში არიან) დაფიქსირებულ დარღვევას, როდესაც სიღნაღის რაიონის ქალაქი წნორის რწმუნებულმა წნორის სოციალურად დაუცველთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავშესაფრიდან ამოიღო ათობით პირადობის მოწმობა, ჩამოართვა (ასევე, მათ თანამშრომლებსაც) და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს პირადობის მოწმობები გამოყენებული იქნება საარჩევნო მანიპულაციების მიზნით. პოსტი, შინაარსობრივად, ეხება ამ საკითხს.

რაც შეეხება ფოტოს - თემატურად, ვინაიდან პოსტი ეხებოდა პირადობის მოწმობებს, ატვირთულია იუსტიციის სამინისტროს საიტზე არსებული რესურსებიდან, სადაც პირადობის მოწმობის (როგორ გამოიყურება პირადობის მოწმობა) ნიმუში არის მოცემული. თუ ნახავთ, იმ ფოტოსურათში არც სახელია მითითებული, არც გვარი... უბრალოდ, ეს არის პირადობის მოწმობის ნიმუში. ჩემი პოსტი არანაირად არ ეხებოდა თუნდაც ამ გამოქვეყნებული პირადობის მოწმობის რაიმე მტკიცებულების სახით გამოქვეყნებას. მე ეს პირადობის მოწმობები არც მექნებოდა, რადგან ისინი ამოღებული აქვს შესაბამის რწმუნებულს იმ ადამიანებისგან, რომელიც დაგისახელეთ. ამ იაფფასიანი მანიპულაციით, ტელეკომპანია "იმედი" ცდილობს, დაადანაშაულოს ოპოზიცია, რომ თურმე ყალბ ინფორმაციას ვაქვეყნებთ ამ სანიმუშო პირადობის მოწმობის სახით, მაშინ, როდესაც ინფორმაციის მთავარი არსი - ვალდებულება, რომ გადამოწმდეს და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს - კვლავ ღიად რჩება. "ქართული ოცნება მოქალაქეებისგან იღებს პირადობის მოწმობებს ძალადობით, მოსყიდვებით ფულით და ა.შ და საკითხი, ამ მხრივ, ყურადღების გამახვილებას საჭიროებს", - აცხადებს ბეჟაშვილი. 

- როგორ ფიქრობთ, როდესაც მსგავს ტექსტობრივ მასალას აქვეყნებთ, ვიზუალურ მასალად ფაქტები უნდა დავურთოთ, თუ, როგორც თქვენ ამბობთ, ნიმუშები და საილუსტრაციო მასალები? თქვენ რასაც ამბობთ, სისხლის სამართლის დანაშაულია, პოსტს კი ურთავთ არა ფაქტს, არამედ - ნიმუშს.

სახელი და გვარი რომ ყოფილიყო [პირადობის ფოტოზე] - ნამდვილი პირადობის მოწმობა რომ გამოქვეყნებულიყო, მაშინ კიდევ შეიძლებოდა, წამოგყოლოდით ლოგიკაში, რომ სხვისი პირადობის მოწმობის პირადი ინფორმაციის გამოყენება ხდება საარჩევნო მიზნებისა და ბრალდებებისთვის... სახელი და გვარიც რომ არაა გამოქვეყნებული და ეს არის, უბრალოდ, ნიმუში, რადგან თემა პირადობის მოწმობების ამოღებას ეხება, ეს არის ჟურნალისტიკაშიც მიღებული პრაქტიკა და მე საერთოდ არ მომეთხოვება ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა. მე ვუთითებ ინფორმაციას და ამ ინფორმაციაზე რეაგირება არის სახელისუფლებო ორგანოების პასუხისმგებლობა.

- ... თუმცა ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს გვაერთიანებს ის, რომ ფაქტებით უნდა ვსაუბრობდეთ.

- არაფერი არ გვაერთიანებს... გვაერთიანებს ის, რასაც ვაკეთებთ - ჩვენ ჩვენი ვალდებულებები და ჩვენი საქმე გვაქვს, თქვენ - თქვენი.

- რამ შეგიშალათ ხელი იმაში, რომ ფაქტები, რომლებზეც საუბრობთ, ამ პოსტზეც დაგერთოთ?

- როგორ უნდა დამერთო [პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ფოტოები], როდესაც ამოღებული აქვთ ადამიანებს?! მე რაც არ უნდა პირადობის მოწმობის ფოტოები დამედო, ეს იქნებოდა მანიპულაცია - სხვა სახელისა და გვარის პირადობის მოწმობას ხომ არ დავურთავდით? ხომ ხვდებით ლოგიკას?.. რომ გაადიდებთ [პოსტზე დართულ ფოტოს], იქ წერია: სახელი, გვარი, რომელიც მითითებული არაა. ეგ არის პირადობის მოწმობის ნიმუში...

- ვიზუალური ნაწილის გარდა, შინაარსობრივ ნაწილზეც რომ ვისაუბროთ; საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ პირადობებია ამოღებული?

- ამ ინფორმაციაზე ბრიფინგი გაკეთდა...

- ბრიფინგიც ხომ რაღაც ინფორმაციას ეყრდნობოდა?

- ეს ინფორმაცია შემოსულია პარტიის შტაბში. შესაბამისმა პირებმა ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს და ჩვენ გავაკეთეთ ბრიფინგი, რომ სახელისუფლებო ორგანოებმა ამაზე სათანადო რეაგირება მოახდინონ.

- შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ არიან "შესაბამისი პირები"?

- ეს, მგონი, შესაბამისი ბრიფინგის ავტორს უნდა დაუკავშირდეთ და გეტყვიან.

 

 

დღის ამბები