19 ოქტომბერი 2024,   17:34
ვრცლად
"გვაქვს აუდიოჩანაწერები, რომლებიც მოგვაწოდეს მოქალაქეებმა - კონფიდენციალურობის დაცვით, ყველაფერს ვაძლევთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს" - ანა წითლიძე

ოპოზიცია მმართველ პარტიას, მოქალაქეებისთვის პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მათ კონკრეტული ფაქტები და ჩანაწერებიც აქვთ, რომელიც უკვე გადასცეს სადამკვირვებლო მისიებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები მზად არიან საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობისთვისაც. რაც შეეხება სახელისუფლებო პარტიას - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ის, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, დეზინფორმაცია და წინასაარჩევნო მანიპულაციის კამპანიაა.

პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით მიმართვა გავრცელებულია.

"მათ დანერგეს ახალი სერვისი პირადობის დაქირავება. ახლა დადიან და უნდათ, რომ პირადობა დაიქირაონ. მეგობრებო, ვინც ამ საქმიანობაში ხართ ჩასული, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ გვარები გვაქვს და აუცილებლად მივმართავთ შესაბამის უწყებას,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" წარმომადგენლის, ანა წითლიძეს თქმით, საგამოძიებო უწყებებს თავადაც უკვე მიმართა.

"ჩვენ გვაქვს აუდიოჩანაწერები, რომლებიც მოგვაწოდეს მოქალაქეებმა და ჩვენ ამ მტკიცებულებებს, კონფიდენციალურობის დაცვით, ყველაფერს ვაძლევთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს. წერილობით მივმართეთ გენპროკურატურას და შსს-ს, თუმცა არცერთ ამ ფაქტზე მათ რეაგირება არ ჰქონიათ,"- აცხადებს წითლიძე.

დღის ამბები