22 ოქტომბერი 2024,   17:31
ვრცლად
"ქუინსი ინსტიტუტი" - საქართველოში ნამდვილი დემოკრატიული განვითარების ისტორია არსებობს, ამას ემატება მოქმედი მთავრობის სურვილი, ითანამშრომლოს დასავლეთთან და გახდეს ევროკავშირის წევრი

ქართული დემოკრატია მხოლოდ დაზარალდება, თუ დასავლეთი არჩევნების შედეგებს უარყოფს, მისთვის არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო; იმის მტკიცება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთისთვის დამახასიათებელი ავტორიტარული მმართველობის სტილი გადმოიღო, ან რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცა, გაზვიადებულია, - ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაცია "ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ პოლიტიკური ხედვის დოკუმენტში.

ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ მომზადებულ პოლიტიკის ხედვის დოკუმენტში სიღრმისეულად არის მიმოხილული დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქართული სახელმწიფოს განვითარების ეტაპები; საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები; საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან; მთავრობის პოზიციონირება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები.

დოკუმენტის ავტორები, ამერიკელი მკვლევრები - ანატოლ ლივენი, არტინ დერსიმონიანი და ალმუტ რიჩოვანსკი აღნიშნავენ, რომ საქართველოს შესახებ სწორი და დაბალანსებული წარმოდგენის შესაქმნელად სიღრმისეული კვლევაა საჭირო და არა ზედაპირული, რომელიც რადიკალურ, შავ-თეთრ პერსპექტივაში წარმოაჩენს ქართულ პოლიტიკასა და მოახლოებულ არჩევნებს. მათი თქმით, იმის მტკიცება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთისთვის დამახასიათებელი ავტორიტარული მმართველობის სტილი გადმოიღო, ან რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცა - ძალზედ გაზვიადებულია. საქართველოში ნამდვილი დემოკრატიული განვითარების ისტორია არსებობს. ამას ემატება მოქმედი მთავრობის სურვილი, ითანამშრომლოს დასავლეთთან და გახდეს ევროკავშირის წევრი.

"ქართული დემოკრატია მხოლოდ დაზარალდება, თუ დასავლეთი არჩევნების შედეგებს უარყოფს, მისთვის არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ისტორიული კონტექსტის უკეთ გასააზრებლად დოკუმენტი საქართველოს უახლესი ისტორიის ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ეხმაურება, როგორებიცაა პოსტსაბჭოთა გარდამავალი პერიოდი; სამოქალაქო დაპირისპირება; ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და კანონის უზენაესობის განმტკიცება. ავტორთა აზრით, დასავლეთმა საქართველოს მიერ განვლილი რთული გზის გათვალისწინებით, თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რაც ქვეყანაში არასტაბილური გარემოს დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

დოკუმენტის ავტორები საქართველოს საგარეო პოლიტიკას განიხილავენ და განმარტავენ, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის მზარდი დაძაბულობა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მათი თქმით, საქართველოზე დასავლეთიდან მომდინარე წნეხი გაიზარდა.

ავტორთა შეფასებით, "ქართული ოცნების“ მთავრობამ რუსეთის აგრესია ღიად დაგმო, ის არ მიერთებია ევროკავშირის ეკონომიკურ სანქციებსა და დასავლეთის მიერ დაწესებულ სხვა მკაცრ ზომებს, ასევე, უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. აღნიშნულის გამო, დასავლური მედიისა და კომენტატორების დიდმა ნაწილმა ქართული ოპოზიციის ნარატივი გაიზიარა, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობას მოსკოვის აგენტებად წარმოაჩენს.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, როგორც ამერიკისთვის, ისე ევროკავშირისთვის მისაღები იყო, რომ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა რუსეთთან მისი გამოსწორებული ურთიერთობების პარალელურად განვითარებულიყო. წლების მანძილზე ასეთი მულტივექტორული პოლიტიკა კარგად მუშაობდა“, - ნათქვამია დოკუმენტში. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ შუალედური პოზიციის დაკავება რეგიონში უცხო არ არის და პოსტსაბჭოთა და ცენტრალური აზიის რეგიონში ამ ხერხს მრავალი ქვეყანა მიმართავს. აღნიშნულ ქვეყნებს დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება სურთ. თუმცა ისე, რომ ამან რუსეთთან და ჩინეთთან დაპირისპირება არ გამოიწვიოს. ასევე ნათქვამია, რომ საქართველო არ არის ის ერთადერთი ქვეყანა, ვინც მოკავშირეების მხრიდან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ მიერთებია. მათი თქმით, ასეთი თვალსაჩინო მაგალითი თურქეთია, რომელმაც უკრაინის ომთან მიმართებით ნეიტრალური პოზიცია დაიკავა.

"საქართველომ, ისევე როგორც უნგრეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის მთავრობებმა, სუვერენიტეტის დაცვაზე ორიენტირებული რიტორიკა აირჩია. „ამით საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი ერის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკა, დაიცვას ქვეყნის ინტერესები და შეინარჩუნოს ეროვნული კულტურა. ეს ყველაფერი კი დასავლეთში წარმოჩენილია, როგორც „ქართული ოცნების“ მოსკოვთან მოკავშირეობა. იდეოლოგიის ჭრილში რომ განვიხილოთ, საქართველოს მთავრობის პოლიტიკას თანაბრად შეიძლება ეწოდოს ამერიკის რესპუბლიკურ პარტიასთან დაჯგუფების მცდელობა“ - ნათქვამია დოკუმენტში.

პოლიტიკის დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების თავის არიდების თემაზეც. ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველომ ეფექტურად შეძლო, აღეკვეთა საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობები, რაც საქართველოში ვიზიტისას თავად დაადასტურა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა.

დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს მოსახლეობის განწყობები ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართებით, რომელიც მეტწილად პოზიტიურია და აიხსნება ეკონომიკური და მიგრაციასთან დაკავშირებული სარგებლის მიღების პოტენციალით. ასევე, აღნიშნულია, რომ ქართულ კულტურაში ევროპასთან მიკუთვნებულობის იდეა ღრმად არის გამჯდარი.

დოკუმენტში ასევე განხილულია 2022 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზები. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ თავად ევროკავშირის შეფასებითვე, საქართველო მოლდოვაზეც და უკრაინაზეც წინ იყო ტექნიკური პროგრესის ნაწილში. გარდა ამისა, ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ინდექსში (freedom score) საქართველო თავისუფალ ქვეყნად არის მიჩნეული და უსწრებს არა მხოლოდ დანარჩენ კანდიდატებს, არამედ ევროკავშირის მოქმედ წევრებსაც, კერძოდ პოლონეთს და უნგრეთს. ამასთან, 2023 წელს გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო ევროკავშირის წევრებზე, საბერძნეთზე, რუმინეთსა და ბულგარეთზე წინ დგას.

დოკუმენტის მომზადებაზე ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის მკვლევრები, ანატოლ ლივენი, არტინ დერსიმონიანი და ალმუტ როჩოვანსკი მუშაობდნენ. მომზადების პროცესში მკვლევართა ჯგუფი 2024 წლის ზაფხულში საქართველოში იმყოფებოდა. "ქუინსი ინსტიტუტი“ 2019 წელს, ვაშინგტონში დაფუძნდა. ინსტიტუტის საქმიანობა დაკავშირებულია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის კვლევასა და ანალიზთან, ადვოკატირებს რეალიზმსა და თავშეკავებულ მიდგომებს საგარეო პოლიტიკაში. ბოლო პერიოდში ინსტიტუტი აქტიურად ინტერესდება საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებით.

დღის ამბები