23 ოქტომბერი 2024,   11:17
ვრცლად
მმართველი გუნდი შემაჯამებელ შეკრებას თბილისში მართავს

არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მმართველი გუნდი შემაჯამებელ შეკრებას თბილისში მართავს.

“ქართული ოცნება“ მომხრეებს თავისუფლების მოედანზე დღეს საღამოს 7 საათზე ეპატიჟება.

შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ და პარტიის გზავნილებზე ისაუბრებენ ბიძინა ივანიშვილი და პარტიის სხვა ლიდერები.

მთავარი აქცენტი კიდევ ერთხელ გაკეთდება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზე.

“ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეკრება მასშტაბური იქნება, ვინაიდან, დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების გარდა, ღონისძიებას რეგიონებიდან ჩამოსული პირებიც შეუერთდებიან.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყანაში მშვიდობის გარანტია.

“ჩვენ ვიხილავთ, ასობით ათას თანამოქალაქეს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს პოლიტიკას. იზიარებენ იმას, რომ “ქართული ოცნება“ ამ ქვეყანაში არის მშვიდობის გარანტი, ამ უზარმაზარი წნეხის მიუხედავად, რაც მოდის გარე ძალების მხრიდან. ვიხილავთ, მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ, რომ “ქართული ოცნება“ არის იმის გარანტი, რომ ვერავინ გვაიძულებს თავს მოვახვიოთ, მით უმეტეს, ახალგაზრდებს გარყვნილების პროპაგანდა. ჩვენ ვართ იმის გარანტი, რომ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ტრადიციები იქნება მუდმივად დაცული, სანამ “ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები