23 ოქტომბერი 2024,   11:27
ვრცლად
“ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ნდობის საფუძველი გამოაცალოს არასამთავრობო ორგანიზაციებს - თეონა აქუბარდია

“ქართული ოცნება“ გამოგონილი ამბებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების ნდობის დაკარგვას ტყუილად ცდილობს“ - ასე ეხმიანება ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ცესკოში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო მისიებს ეხებოდა.

ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ამახვილებენ არაერთ აქამდე ნაცად მანიპულაციაზეც და აცხადებენ, რომ მმართველი ძალა შესაბამის პასუხს შაბათს მიიღებს.

“ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის, კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წევრის, თამაზ დათუნაშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების მავნე მცდელობა სახელისუფლებო პარტიების ხელწერაა.

“პირადობების გადაბეჭდვა და ასეთი რაღაცები 12 წლის განმავლობაში, მათი ხელწერა იყო მთელი ამ პროცესის მანძილზე და ახლაც არის - კარუსელები, სახელისუფლებო პარტიების დამახასიათებელი ძალიან ცუდი და მავნე პრაქტიკაა. როცა 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ “ძლიერი საქართველო“ და პროდასავლური ოპოზიცია, ერთხელ და სამუდამოდ, აღმოვფხვრით ამ ყველაფერს“, - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.

პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, “ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ და ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერ გაექცევიან.

“ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული მომავლის შესაძლებლობა გააჩერა, თუმცა ეს მხოლოდ 26 ოქტომბრამდე. დღეს ცდილობს, რომ ნდობის საფუძველი გამოაცალოს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ყველა დასავლური პარტნიორი, რომელიც ქართველი ხალხის პოლიტიკურ მომავალს მხარს უჭერს,  “ქართულ ოცნებას“ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს და ეს არის მათი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ისაუბრონ მათ არასამთავრობო სექტორთან მიმართებით, ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები