24 დეკემბერი 2024,   22:54
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: მოლდოვაში ვნახეთ სურათი ქალბატონი სანდუ დგას ყუთთან, რომელშიც პირდაპირ ჩანს, რომ ის არის მონიშნული ამომრჩევლის მხრიდან, ანუ რას ფიქრობს საია, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს?

"ამომრჩევლის მობილიზება პარტიული სამუშაოა," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

"ქართული ოცნების" ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც პუნქტობრივად უპასუხეს ბრალდებებს. პირველი ეხებოდა ხმის ფარულობის საკითხს, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული მეთოდით, გარკვეულ უბნებზე აქამდე ექვსი არჩევნებია ჩატარებული და არავის გამოუთქვამს პრეტენზია. მან, ასევე, ისაუბრა სხვა ქვეყნების გამოცდილებაზეც.

რაც შეეხება ამომრჩევლის მობილიზაციას, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ყველა არჩევნებზე, ყველა პარტია, ვისაც ამის რესურსი აქვს, მუშაობს ამომრჩევლის მობილიზებაზე და ეს არათუ კანონის დარღვევა არ არის, არამედ ამის მითითებები NDI-ისა და IRI-ს სახელმძღვანელოებშიც არის.

კიდევ ერთი საკითხი იყო გარკვეულ რაიონებში მაღალ მხარდაჭერაზე აქცენტირება, "ქართული ოცნება" ამ კონტექსტში ოპონენტებს ქსენოფობიურ კამპანიაში ადანაშაულებს.

"ვნახოთ, რა ხდება საერთაშორისო პრაქტიკაში. გაცნობებთ, რომ პოლონეთში ბიულეტენებით ხდება კენჭისყრა - გამჭვირვალე ყუთები, ბიულეტენები კონვერტშიც კი არ თავსდება. ჩვენთან ყუთში მოთავსებამდე ბიულეტენების კონვერტში თავსდება, ელექტრონულის შემთხვევაში კი თავსდება შესაბამის, საქაღალდეს ტიპის კონვერტში. პოლონეთში თუ დავხედავთ, ვნახავთ, რომ ჩანს კიდეც, ვის აძლევს ხმას ამომრჩეველი. ანუ, "საიას" რა უნდა თქვას, რომ პოლონეთში ფარულობაა დარღვეული და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაუქმდეს?

ბულგარეთის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები – აქაც გამჭვირვალე ყუთი, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება. ჩანს პარტიის ნომრები და ამომრჩევლის არჩევანი. ანუ, რას ფიქრობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია," მისი დამფინანსებელი, ევროკავშირის წევრი ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს?

სულ ახლახან, ერთი კვირის წინ იყო ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნები. ნახევრად გამჭვირვალე ყუთი არის, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება. ხედავთ, როგორ ჩანს, ვინ ჰყავს არჩეული ლიეტუველ ამომრჩეველს;

გუშინ შედგა არჩევნები მოლდოვაში, რომელსაც ოპოზიცია გაფაციცებით აკვირდებოდა და ვნახეთ სურათი, სადაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენები არ თავსდება კონვერტში და ქალბატონი სანდუ დგას ყუთთან, რომელშიც პირდაპირ ჩანს, ის არის მონიშნული ამომრჩევლის მხრიდან. ანუ, რას ფიქრობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია," რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს? - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამხელა თაღლითობასთან გვაქვს საქმე ზოგიერთი "ენჯეოს" მხრიდან. თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ვერცერთ არგუმენტს როდესაც ვეღარ პოულობენ, ეჭიდებიან ხავსს, რომელიც, დიდი ხანია, ქართველ ხალხს დანახული აქვს

ეს არის პრობლემა. არასამთავრობო ორგანიზაციები, განსაკუთრებით ის, ვინც ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციას უწოდებს საკუთარ თავს და უცხოური დაფინანსებით მოქმედებს, ჩართული იყვნენ საარჩევნო კამპანიაში, მიზნად ჰქონდათ კონკრეტული საარჩევნო შედეგის დადგომა. "ქართული ოცნების" წინააღმდეგ იყვნენ და ახლა, როცა ეს შედეგი არ დადგა, ისინი ცდილობენ საკუთარი უცხოური დაფინანსება გამოიყენონ იმისთვის, რომ ქართველ, მოლდოველ, ბულგარელ, ლიეტუველ და პოლონელ ამომრჩეველს არჩევანი წაართვან," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს არის სწორედ დონორების პასუხისმგებლობა. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, დონორებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ, რადგან "სწორედ მათი ფულით ხდება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა."

დღის ამბები