"ამომრჩევლის მობილიზება პარტიული სამუშაოა" - აცხადებს "ქართული ოცნება". სახელისუფლებო პარტიას არგუმენტად მოჰყავს "ენდიაის" და "აირაის" სახელმძღვანელოები. ორგანიზაციების გზამკვლევში საუბარია იმაზე თუ როგორ უნდა განისაზღვროს ამომრჩეველთა რაოდენობა, მათ შორის, ცესკო-ს სიის ასლების მიღებით.
"ენდიაის" და "აირაის" გაიდლაინში საუბარია სიის თითოეულ წევრთან სატელეფონო კომუნიკაციაზეც. ეს სახელმძღვანელო არგუმენტია "ქართული ოცნებისთვის", სადაც საერთაშორისო პრაქტიკაზეც აქცენტირებენ. განმარტავენ, რომ ამომრჩევლის მობილიზება კანონის დარღვევა არ არის და ამას ყველა პარტია აკეთებს, ვისაც რესურსი აქვს.
"არა მხოლოდ ჩვენ, ყველა პარტიას ამ ქვეყანაში, ამგვარ ტრენინგებში და სემინარებში მიუღია მონაწილეობა, სადაც ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. დეტალურად არის აღწერილი, როგორ უნდა შედგეს ბაზები, რა ინფორმაცია უნდა იყოს მასში და შემდეგ როგორ უნდა იყოს მათთან კომუნიკაცია და დარწმუნება, რომ მივიდნენ არჩევნებზე, როგორ უნდა გადამოწმდეს არჩევნების დღეს იყვნენ თუ არა ისინი არჩევნებზე. ეს არის საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდი და ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ამაზე ტრენინგებსაც კი ატარებდა "აირაი" თუ "ენდიაი". პირველი ეს არის "ენდიაის" სახელმძღვანელო საარჩევნო კამპანიის წარმოებასთან დაკავშირებით და იქ პირდაპირ ნახავთ თქვენ, 350 გვერდიანი სახელმძღვანელოა და ძალიან დეტალურად არის აღწერილი როგორ უნდა წარედგინოს სიები, ამომრჩევლების ბაზები, როგორ უნდა დაყო ისინი შენს მომხრეებად, მოწინააღმდეგეებად, გადაუწყვეტლებად, როგორ უნდა გქონდეს მათთან კავშირი და კომუნიკაცია. ასევე, რატომ არის ეს ყველაფერი საჭირო.
ასეთივე გახლავთ "აირაის" სახელმძღვანელოც კამპანიის ორგანიზებასთან დაკავშირებით და აქაც ნახავთ ასეთ ციტატებს "გადამწყვეტია ის ამომრჩეველი, რომელიც ხმას აძლევს"; "თქვენი შრომა შეიძლება დაიკარგოს, თუ კი არ უზრუნველყოფთ, რომ თქვენი ამომრჩეველი ,მივიდეს არჩევნებზე" და ა.შ. ჩვენ ვნახეთ, რომ ყოფილი სახალხო დამცველი ავრცელებს პერსონალურ ინფორმაციას, თან ისეთი კონტექსტით, რომელიც ადამიანებს პირდაპირ მონიშნავს თავდასხმის სამიზნედ. ის ავრცელებს სიებს, სადაც არიან ჩვენი კოორდინატორები, რომლებზეც პასუხისმგებლები იყვნენ ამომრჩევლებთან დაკავშირებაზე. ავრცელებს ამ ინფორმაციას და მონიშნული ჰყავს ისინი, როგორც სამიზნე ვერბალური თუ ფიზიკური თავდასხმის", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.