04 დეკემბერი 2024,   23:07
ვრცლად
არჩევნების გაყალბების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება - პროკურატურისთვის ნათია მეზვრიშვილისა და ორგანიზაცია "ჩემი ხმის" მიწოდებული ინფორმაცია სიახლე არ აღმოჩნდა

გიორგი გახარიას გუნდის წევრი დღეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა. ნათია მეზვრიშვილი საქალაქო სასამართლოში მას შემდეგ დაიბარეს, რაც საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა. როგორც მეზვრიშვილი ამბობს, დახურულ პროცესზე წინასაარჩევნო და კენჭისყრის დღის მანიპულაციურ სქემებზე ისაუბრა. საგამოძიებო უწყებისთვის მეზვრიშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საკმარისი არ აღმოჩნდა.

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციითაც დაინტერესდა. დღეს, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე, ორგანიზაცია "ჩემი ხმის" ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია დაიკითხა, დღის ბოლოს კი ამავე ორგანიზაციის სხვა წარმომადგენელი.

სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან მიღებული ინფორმაცია სიახლე არ აღმოჩნდა საგამოძიებო უწყებისთვის. პროკურორის განცხადებით, ლონდა თოლორაიამ დღეს თავად დაადასტურა, რომ ირიბი მოწმე იყო და არჩევნების შესაძლო გაყალბების კონკრეტულ ფაქტებს პირადად არ შესწრებია. დღესვე პროკურორი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, თითქოს საგამოძიებო უწყებამ, ცესკოდან ვერიფიკაციის აპარატში არსებული მონაცემები გამოითხოვა, რაც, მისი განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

სასამართლოს შეტყობინებას ელოდება კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი. ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ მტკიცებულებებს მხოლოდ მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე წარადგენს.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მხოლოდ დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს.

არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება ერთდროულად სამ უწყებაში - პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სისხლის სამართლის 47 საქმეზე მიმდინარეობს. პროკურატურაში გამოკითხვაზე პირველი პრეზიდენტი დაიბარეს. მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდეს ზურაბიშვილს საერთაშორისო პარტნიორებმაც, თუმცა პრეზიდენტი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ამ დრომდე უარს ამბობს.

დღის ამბები