17 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
"მთელი ეს რადიკალური ოპოზიციური სპექტრი მუშაობს იმაზე, რომ რამენაირად შეუჩერდეს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, რაც გამორიცხულია" - ლევან მაჭავარიანი

ბერკეტი ხელისუფლების წინააღმდეგ თუ მოსახლეობისთვის დამაზიანებელი ინიციატივა - მიხაილ როთის განცხადება პოლიტიკური დისკუსიის საგანია.

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ "პალიტრასთან" ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას ევროკავშირში ბევრი მთავრობა განიხილავს.

მისივე თქმით, თავად ამ იდეას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ახლა განსხვავებული პოზიცია აქვს, რადგან მიაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რათა მთავრობამ შეცვალოს პოლიტიკა.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება გამორიცხულია, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს:

"ეს მხოლოდ როთის განცხადებაში არ ამოიკითხება, მთელი ეს რადიკალური ოპოზიციური სპექტრი მუშაობს იმაზე, რომ რამენაირად შეუჩერდეს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, რაც გამორიცხულია, ვინაიდან ამას უნდა ჰქონდეს რაღაც ტიპის საფუძვლები, რომელიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არავისთვის მიგვიცია. ეს ყველაფერი არის უსაფუძვლო.

ეს ოპოზიციონერები იმის წინააღმდეგებიც იყვნენ, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. აქ გასაკვირი არაფერია, მათ არაფერი უხარიათ, რაც ჩვენი ქვეყნის წარმატებას უკავშირდება", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

 

დღის ამბები