24 დეკემბერი 2024,   21:49
ვრცლად
მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერა დაიწყო

ქვეყნის მასშტაბით  მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დღეიდან დაიწყო, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. მონაცემთა შეგროვების პროცესი 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება:

პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI). თვითრეგისტრაციის დროს რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის/პლანშეტის/სმარტფონის მეშვეობით, სტანდარტული ინტერნეტ ბრაუზერის გამოყენებით, ელექტრონულად ავსებენ კითხვარებს მათთვის სასურველ დროსა და ადგილზე. აღნიშნული მეთოდი ხელსაყრელია იმ რესპონდენტებისთვის, რომელთაც არ სურთ ინტერვიუერის სახლში სტუმრობა ან/და არ აქვთ საკმარისი დრო პირისპირ ინტერვიუსთვის.

ელექტრონული კითხვარის შესავსებად მსურველებმა უნდა გაიარონ მარტივი რეგისტრაცია საქსტატის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-პლატფორმაზე, რომელიც განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე https://census2024.geostat.ge/ka. 

ელექტრონული კითხვარის შევსების შემდეგ რესპონდენტები მიიღებენ სპეციალურ კოდს, რომელიც უნდა წარუდგინონ მათთან მისულ საქსტატის ინტერვიუერს.

მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება საქსტატის 12 000-მდე ინტერვიუერის მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.

მოსახლეობის აღწერასთან ერთან ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც.  სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით, შეგროვდება ინფორმაცია ოჯახების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის, ოჯახების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შესახებ, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, ტერიტორიული ერთეულების და სოფლების დონეზე.
 
საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე (რომლებიც საქართველოში დარჩენას გეგმავენ 12 თვეზე მეტხანს)და მოქალაქეობის არმქონე პირი (რომლებიც საქართველოში დარჩენას გეგმავენ 12 თვეზე მეტხანს) ვალდებულია გაიაროს აღწერა.

"ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლების შესაბამისად ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას. რესპონდენტის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები ინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ. ასევე სასოფლო–სამეურნეო კომპონენტის მეშვეობით, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.

აღწერის წინასწარი შედეგები ქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო - 2026 წლის ივნისის თვეში.

დღის ამბები