პროკურატურამ ბრალი წარუდგინა აქციის მონაწილეს, რომელმაც პოლიციელს სახეში ხელი დაარტყა - დღესვე, გაიმართება სასამართლო სხდომა აღკვეთის ღონისძიების შესახებ.
შემთხვევა რუსთაველის გამზირზე ორი დღის წინ მოხდა. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პოლიციელს ხელი დაარტყა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 44 წლის მამაკაცი, რომელიც წარსულში ქურდობისთვის არის ნასამართლევი. უწყებისვე ცნობით, მამაკაცის მიმართ სამი წლის წინ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი. დაკავებულს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.