28 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
"არ გვაქვს მოლოდინი, რომ დამკვირვებლები, დიპლომატიური კორპუსი, თუ სხვები ამ ადამიანის ძალადობრივ ქმედებას დაგმობენ" - ლევან მახაშვილი კირთაძეზე

"ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია, რატომ შეხვდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დავით კირთაძეს, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარეს საღებავი შეასხა, ამ ქმედების გამო კი ის სასამართლომ დააჯარიმა და 4 წლით ცესკოში საქმიანობის უფლებაც ჩამოართვა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საზოგადოებას არ აქვს იმედი, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კირთაძის ქმედებას დაგმობენ.

"არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს ადამიანები - დამკვირვებლები, დიპლომატიური კორპუსი, თუ სხვები დაგმობენ იმ ძალადობრივ ქმედებას, რომელიც ამ ადამიანმა გააკეთა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ეს მოლოდინი არ არის ჰაერიდან მოტანილი. ჩვენ ვნახეთ ამაზე მეტად მძიმე ძალადობრივი შემთხვევები, რომელზეც რეაგირება იყო ნული. ყველაზე საგანგაშო აქ არის ის, რომ დუმილით ხდება ამ პროცესების წახალისება, ამავე ადამიანის წახალისება. ამიტომ აღარ იქნება საზოგადოება გაკვირვებული, თუ ის ხვალ, ზეგ, ორი, სამი თვის შემდეგ უარეს გააკეთებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუ სხვაგან", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, დიპლომატი, რომელიც დავით კირთაძეს შეხვდება სახელმწიფოსადმი უპატივცემულობას გამოავლენს.

"ის დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც მას ოფიციალურად შეხვდება, ავლენს სრულ უპატივცემულობას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ჩვენდა სამწუხაროდ, ესეც არ კეთდება პირველად. მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს ადგილსამყოფელი ქვეყნის პატივისცემის ნიშნად. როდესაც არცერთი შეფასება არ გაგიკეთებია იმ უმსგავსო საქციელის გამო, რაც მან ჩაიდინა და შემდეგ ასე ოფიციალურად იღებ ამ ადამიანს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამართლებ მის ქმედებას, რაც გულდასაწყვეტი და დასანანია",- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ოპოზიციური პარტიების წევრებთან შეხვედრა გამართეს. დავით კირთაძეს, გიორგი სიორიძესა და ანა კობახიძეს პოლიტიკის, ინფორმაციისა და პრესის განყოფილების უფროსის მოადგილე და პროექტის მენეჯერი ესაუბრნენ.

კირთაძემ შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა, შევლამდე კი თქვა, რომ დიპლომატებს ინფორმაციას საარჩევნო დარღვევებზე მიაწვდის.

 

დღის ამბები