საქართელოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან პარტნიორები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. როგორ გაგრძელდება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ - "ქართული ოცნება" ახლად არჩეული დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მოლოდინშია. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ რესპუბლიკელების მიდგომები დემოკრატებისგან განსხვავებული იქნება, ურთიერთობა კი ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ დალადგება. როგორი იქნება ტრამპის პოლიტიკა, ეს მალე გაირკვევა. "ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს" - ეს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებია. სალომე ზურაბიშილი დონალდ ტრამპს, ელისეის სასახლეში, გუშინ პირადად შეხვდა.
"მას 20 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა, შესაბამისად, მისთვის აქტუალური საერთოდ არ არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაცია", - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს. საუბარია პარიზში ზურაბიშვილისა და შტატების არჩეული პრეზიდენტის ერთად გადაღებულ ფოტოსა და კადრებზე. პლათფორმა X-ზე სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ დონალდ ტრამპს საქართველოზე ინფორმაცი მიაწოდა და ის ქართველი ხალხის მეგობარია.
ტრამპი რომ საქართველოში სიტუაციას პოზიტიურად შემოაბრუნებს, ამაში დარწმუნებულია ირაკლი კობახიძეც. თუმცა, მისი აზრით, ზურაბიშვილის როლი ამ კუთხით მხოლოდ ნეგატიური შეიძლება იყოს. კობახიძე შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას 20 იანვრიდან, თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციის მისვლის შემდეგ ელოდება.
მხოლოდ ფოტო და სურვილები საკმარისი არ არის გიორგი ვაშაძისთვის. "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში მყოფი ძალის ლიდერი შტატებისგან და სხვა პარტნიორებისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვს. ხელისუფლების სტრატეგიის კრახს უწოდებენ ტრამპი-ზურაბიშვილის არაოფიციალურ შეხვედრას სხვა ბარიერგადალახულ პარტიებში.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ზურაბიშვილმა შეუთანხმებელი ვიზიტით კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დაარღვი. რაც, მათი თქმით, ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებს სახელმწიფოს დასაზიანებლად იყენებს. "ქართულ ოცნებაში" ურთიერთობების ნორმალიზებას ტრამპის ადმინისტრაციის თეთრ სახლში მოსვლის თარიღს უკავშირებენ.
სალომე ზურაბიშვილი კი დონალდ ტრამპს რეაბილიტირებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე შეხვდა. ზურაბიშვილი პარიზში, ემანოელ მაკრონის მიწვევით იმყოფება.