პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, სანქციებს გავლენა ექნება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ის დაწესებულია უშუალოდ პასუხისმგებელ პირებზე.
მისი განმარტებით, აღნიშნული სანქციები ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომლებიც 2 კვირაა საპროტესტო აქციებით საქართველოს კონსტიტუციას იცავენ.
"რა თქმა უნდა, სანქციებს გავლენა ექნება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ის დაწესებულია უშუალოდ პასუხისმგებელ პირებზე. ეს არის დამხმარე ბერკეტი მშვიდობიანი პროტესტის განგრძობითობასთან ერთად, რომ ჩვენ მივაღწიოთ მიზანს და ქვეყანა დავაბრუნოთ კონსტიტუციურ სივრცეში ხელახალი არჩევნების გზით. ეს სანქციები არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომლებიც 2 კვირაა იცავენ ამ ქვეყნის კონსტიტუციას", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრის, თამაზ დათუნაშვილის განცხადებით, სანქციებს და სხვა პოლიტიკურ სვლები, რომლებსაც გააკეთებენ საქართველოს პარტნიორები, ყველას მიზანი ინება ის, რომ ქვეყანაში სტაბილიზაცია ახალი არჩევნების გზით მოხდეს.
"ჩვენმა საერთაშორისო მუშაობამ, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ძალების, საქართველოს პრეზიდენტის მუშაობამ შედეგი გამოიღო. სანქციების კასკადი და ის თუ რა მოელის "ქართულ ოცნებას" ევროპის მხრიდან. ეს ყველაფერი არის პროცესი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიისთვის მებრძოლ ადამიანებს. შეუძლებელია, რომ ცივილიზებულ სამყაროში გადაადგილების შეზღუდვამ არ მოახდინოს გავლენა. სანქციებს და სხვა პოლიტიკურ სვლებს, რომელსაც გააკეთებენ ჩვენ პარტნიორები, ყველას მიზანი ინება ის, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს სტაბილიზაცია ახალი არჩევნების გზით", - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს 20 მოქალაქეს. მათ შორის არიან მინისტრები, დეპუტატები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები და კერძო მოქალაქეები.