14 დეკემბერი 2024,   15:33
ვრცლად
"სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის დამახინჯებულ აღქმას ტოვებს" - მამუკა მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის დამახინჯებულ აღქმას ტოვებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ არასწორი აღქმები სალომე ზურაბიშვილის წინამორბედმა პრეზიდენტმაც გააჩინა.

"სხვათა შორის, როცა რაღაც კრიტიკას მიმართავენ ხოლმე, კრიტიკის საფუძველშივე ჩანს, რომ წინა პრეზიდენტებმა საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ საპარლამენტო რესპუბლიკაში არასწორი აღქმები გააჩინეს. მაგალითად, გვესმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, ყაველაშვილმა საგარეო მიმართულებით როგორ უნდა წარმოადგინოსო, ან ჯარის მთავარსარდალი როგორ [უნდა იყოსო]. ჯერ ერთი, ყველაფერი შეუძლია იყოს მისი პიროვნული და პროფესიონალური თვისებებიდან გამომდინარე, მაგრამ საერთოდ არ არის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა და წარმოება პრეზიდენტის საქმე, ანუ აქ ის იგულისხმება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში საგარეო პოლიტიკას პარლამენტი განსაზღვრავს, განახორციელებს, აღასრულებს საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს და იქნება წარმოდგენილი, როცა ამის სპეციალურ ნებართვას საქართველოს მთავრობა გასცემს. ამ კონსტიტუციური პრინციპის დარღვევით სალომე ზურაბიშვილმა გააჩინა არასწორი აღქმა, არასწორი სტერეოტიპი, რომ თითქოს, პრეზიდენტის საქმეა ეს. როცა საუბრობენ მთავარსარდალზე, მიხეილ ყაველაშვილი ჩვენი მთავარსარდალი იქნება, მაგრამ ესეც აღქმულია თითქოს, ჯარს უნდა უხელმძღვანელოს, იმდენად სიმბოლურია პრეზიდენტის ეს კომპეტენცია, მას არ სჭირდება სპეციალური ცოდნა ჯარის შენაერთების, გადაადგილების, სამხედრო-ოპერატიული ტაქტიკის შესახებ, ანუ ეს აღქმები სალომე ზურაბიშვილმა და მათ შორის, მისმა წინა მორბედმა არასწორად გააჩინა. ჯერ კიდევ კანდიდატის კრიტიკა არასწორია მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, სულ რომ მისი კომპეტენცია იყოს. სიმბოლური, ხშირ შემთხვევაში, ცერემონიული უფლებამოსილებაა, რაც რეალურ უფლებამოსილებაში ერევათ ადამიანებს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები