15 დეკემბერი 2024,   18:48
ვრცლად
"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ისინი არა საქართველოს, არამედ მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის მეგობრები არიან" - ვლადიმერ ბოჟაძე ესტონეთის გადაწყვეტილებაზე

"ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხრიდან ეს არ არის პირველი ჟესტი, რომელიც მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის იმ თვალსაზრისით, რომ ისინი, როგორც ჩანს, დაინტერესებულები არიან, რომ ახალი ცხელი წერტილი გაჩნდეს მათგან ძალიან შორს - ანუ კავკასიაში და საქართველოში," - ასე შეაფასა მმართველი გუნდის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ესტონეთის საგარეო უწყების გადაწყვეტილება ქართველი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

მისივე განცხადებით, ამ ჟესტით დამტკიცდა, რომ ისინი არა საქართველოს, არამედ "რადიკალური ოპოზიციის" მეგობრები არიან.

"საწყენია პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება, თუმცა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხრიდან ეს არ არის პირველი ჟესტი, რომელიც მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის იმ თვალსაზრისით, რომ ისინი, როგორც ჩანს, დაინტერესებულები არიან, რომ ახალი ცხელი წერტილი გაჩნდეს მათგან ძალიან შორს - ანუ კავკასიაში და საქართველოში. იცით, რომ არამხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა, არამედ დეპუტატებმა და პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, თავის დროზე, არაერთხელ გააკეთეს ისეთი განცხადებები, რომლებიც იყო სრულიად უსამართლო ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.

ბევრი მათგანი პირადად იყო ჩამოსული ჩვენს ქვეყანაში და პირადად ესწრებოდნენ ოპოზიციის მიტინგებს. საწყენია, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ისინი არა საქართველოს, არამედ მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის მეგობრები არიან, ითვალისწინებენ მხოლოდ მათ ვიწროპარტიულ ინტერესებს და, სამწუხაროდ, არ უწევენ ანგარიშს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას," - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.

დღის ამბები