15 დეკემბერი 2024,   18:53
ვრცლად
გრიგოლ გეგელია მიხეილ ყაველაშვილზე: არავითარი ლეგიტიმაცია მას არ აქვს და არ ექნება არცერთი ნორმალური ადამიანის მხრიდან

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ოპოზიციაში შეფასებები მოჰყვა. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ მიხეილ ყაველაშვილს ლეგიტიმაცია არ აქვს და ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

"არავითარი ლეგიტიმაცია მას არ აქვს და არ ექნება არცერთი ნორმალური ადამიანის მხრიდან არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, საქართველოს ჰყავს ერთადერთი მოქმედი პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც აღიარებს საქართველოს მოსახლეობა და სრულიად ცივილიზებული მსოფლიო," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა სურს.

"ქართულ ოცნებას" არავინ აღიარებს უკვე ხელისუფლებად და ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ყაველაშვილის პრეზიდენტობას არავინ აღიარებს - რამდენიმე ოდიოზური ლიდერისა და ქვეყნის გარდა. ამიტომ, ეს არის პრაგმატული გათვლა, რომ საქართველოს სრული იზოლაცია მოხდეს ცივილიზებული სამყაროსგან, ხოლო ქვეყნის შიგნით დაისადგუროს უიმედობამ და დათრგუნულობამ," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მე-6 პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. კენჭისყრაში მონაწილე 225 წევრიდან, 224-მა ხმა მიხეილ ყაველაშვილს მისცა.

პრეზიდენტის არჩევნების პროცესში, ბარიერ-გადალახულმა ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო და მათმა ნაწილმა, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესი პარლამენტთან გააპროტესტა. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი კონსტიტუციაზე ფიცს 29 დეკემბერს დადებს.

დღის ამბები