სამგორში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. საექსპერტო დასკვნის მიხედვით, 28-ე ბაღის ძველი შენობის მდგომარეობა, გამაგრებას არ ექვემდებარებოდა, რის გამოც, მისი დემონტაჟი მოხდა.
ახალი შენობის აგება, საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყო, მიმდინარე პროცესი კი დღეს დედაქალაქის მერმა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დაათვალიერეს.
ახალი ბაღი 15 ჯგუფიანი იქნება და 450-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა თანამედროვე ევროპული და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.
N28 ბაღის ჯგუფები და პერსონალი ახლომდებარე ბაღებში არიან განთავსებული, მომავალი წლის ბოლოსთვის კი პატარები ახალ შენობაში დაბრუნდებიან. პროექტის ღირებულება 7,5 მილიონი ლარია.
"28-ე საბავშვო ბაღი, რომლის დემონტაჟიც განვახორციელეთ და დავიწყეთ ახალი პროექტის განხორციელება, 450 ბავშვზე არის გათვლილი. 2025 წლისთვის სამუშაოები დასრულებული იქნება. ყველა საერთაშორისო სტანდარტი დაცული იქნება, 15-მდე ახალ ბაღის მშენებლობა გაქვს დაწყებული და ეტაპობრივად, დედაქალაქში გვექნება სრულიად ახალი, მოწესრიგებული ბაღები, რომელიც მოემსახურება ჩვენს შვილებს", - განაცხადა კახა კალაძემ.