17 დეკემბერი 2024,   00:44
ვრცლად
20-ზე მეტი ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირება - ბალტიის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თბილისში ანტიქართული უწოდეს

პროვოკაციული და სამწუხარო მთავრობის მეთაურისთვის ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ უკვე მიღებულია და 20-ზე მეტი ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას გულისხმობს. ბალტიის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თბილისში ანტიქართული უწოდეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული წერილის მიხედვით, ხელისუფლებას შეეძლო სანქციებისთვის შემხვედრი ზომები დაეპირისპირებინა, თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს და ორივე ქვეყანასთან ცალმხრივი მეგობრობის ფორმატში რჩებიან. განცხადებაში საუბარია მიზეზებზეც, ნათქვამია, რომ ესტონეთსა და ლიეტუვას ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და მათი მთავრობები არა საკუთარი ხალხის, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ.

ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების მიერ მომზადებულ სანქცირებულთა სიაში, სახელისუფლებო გუნდის რამდენიმე ლიდერი, მათთან კავშირში მყოფი პირები და მოსამართლეების ნაწილია შეყვანილი. ლიეტუვის შემთხვევაში საუბარია 17 პირზე, ესტონეთმა კი სანქციები 14 მაღალჩინოსანს დაუწესა. ამ მონაცემებით, ყველა სანქცირებულისთვის ამ ქვეყნებში სავიზო შეზღუდვა მოქმედებს.

სახელისუფლებო პარტიის იმ ლიდერებისთვის, რომლებიც ბალტიის ორი ქვეყნის სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და სანქციებს შანტაჟისა და მუქარის ინსტრუმენტად აღიქვამენ.

ბალტიის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილება მისაღებიცაა და არგუმენტირებულიც ოპოზიციისთვის. პოლიტიკურ პარტიებში ფიქრობენ, რომ გაფართოვდება, როგორც სანქცირების მომხრე ქვეყნების რაოდენობა, ასევე თავად დასანქცირებულ პირთა წრე.

საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას უსამართლო დასანქცირებაზე, მათივე შეფასებით მოზომილი პოზიცია აქვს. საპარლამენტო გუნდში ფიქრობენ, რომ რეალურად საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა დგას ამ ყველაფრის მიღმა და რა მოტივით ხდება კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებებზე გავლენა.

”ქართული ოცნების” ლიდერების პოზიციას სრულად იზიარებენ ხალხის ძალაში და თვლიან, რომ როგორც ესტონეთის ასევე ლიეტუვის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში მინიმუმ არაობიექტურია.

”ქართულ ოცნებაში” ვარაუდობენ, რომ გლობალური პოლიტიკის პრიორიტეტები მალე შეიცვლება და საქართველოსთან დაკავშირებით დამოკიდებულებებიც გადაიხედება

დღის ამბები