მაიოტა სტიქიური უბედურების ზონაა. არქიპელაგს ციკლონმა "ჩიდომ" გადაუარა. ქარიშხალს ასობით ადამიანი ემსხვერპლა. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, მაგისტრალები, ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზები. ათეულობით ათასი ადამიანი საკვების, სასმელი წყლის და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მთლიანადაა განადგურებული მაიოტას მოსახლეობის მესამედის საცხოვრებელი. განადგურდა 100 000-მდე მოსახლის სახლი. საფრანგეთი საკუთარ ზღვისიქითა დეპარტამენტს სამედიცინო და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. ტერიტორიაზე უკვე ჩავიდა ასობით მაშველი და სამხედრო.
ცნობილია 200 დაშავებულის შესახებ. სამძებრო სამაშველო ოპერაციას ისიც ართულებს, რომ არქიპელაგის რიგ რეგიონთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. "ევრონიუსის" ცნობით, დაღუპულების სტატისტიკის შედგენას ადგილობრივების რელიგიური წესი ართულებს, ისლამური ადათის მიხედვით გარდაცვლილი იმავე დღეს უნდა დაიკრძალოს, ტერიტორიის აბორიგენი მოსახლეობის 97% მუსლიმია.
ჰიდრომეტეოროლოგებმა მაიოტაში განვითარებულ სტიქიას საუკუნის შტორმი უწოდეს. ქარის სისწრაფე 225 კილომეტრ საათში შეადგენდა. ტროპიკული ციკლონი, "ჩიდომ", ინდოეთის ოკეანეში სინოპტიკოსებმა პირველად 5 დეკემბერს დააფიქსირეს. სტიქიამ მავრიკიას და მადაგასკარს გადაუარა და მაიოტასთან ერთად მოზამბიკიც რაიონებიც დააზარალა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.