საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თავმჯდომარეობით, ევროპელი დიპლომატები შეიკრიბნენ - კაია კალასმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ უკვე არსებობს იმ ადამიანების სია, რომლებსაც სანქციები უნდა დაუწესდეთ, თუმცა ევროკომისარი იქვე განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის საერთო თანხმობაა აუცილებელი. კალასმა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი განცხადებაც გააკეთა და თქვა, რომ პრეზიდენტი თანამდებობაზე 29 დეკემბრამდე დარჩება.
კრიტიკულები იყვნენ საქართველოს ხელისუფლების მისამართით ბალტიისპირეთის იმ ქვეყნების მინისტრები, რომლებმაც საქართველოში ოფიციალური პირებისთვის გარკვეული შეზღუდვები უკვე დააწესეს. ლიეტუვისა და ესტონეთის შემდეგ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მათ უკვე შედგენილი აქვთ იმ ქართველი მაღალჩინოსნების სია, რომლებიც ლატვიაში სასურველი სტუმრები არ არიან.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, აღმოჩნდნენ ისეთები, რომლებსაც კოლეგებისგან
განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და არ ეთანხმებიან საქართველოში კონკრეტული პირებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროკავშირის სურვილი სოციალური ქსელით გააკრიტიკა, ლუქსემბურგისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კი განაცხადეს, რომ ევროკავშირმა ყველა კარი არ უნდა ჩაკეტოს და სანქციებამდე სხვა ბერკეტები გამოიყენოს.
საქართველო როგორც ტესტი და დარჩება თუ არა ევროპა საკუთარი ღირებულებების ერთგული - ამ კონტექსტში აფასებენ "ქართული ოცნების" ლიდერები ევროპელი დიპლომატების მხრიდან კრიტიკას. სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ევროპელი პოლიტიკოსების დამოკიდებულება და მიდგომები უახლოეს მომავალში შეიცვლება.
ევროკავშირისგან კონკრეტული შეზღუდვების დაწესების მოლოდინი აქვთ ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების ქმედებებს, საპასუხო ზომები უნდა მოჰყვეს.
არამეგობრული, ანტიქართული ნაბიჯი და მორიგი შანტაჟის მცდელობა - ასე აფასებენ სახელისუფლებო გუნდში ევროკავშირის მხრიდან მათ წინააღმდეგ სანქციების დაწების შესაძლებლობას. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ არსებული მოცემულობა აუცილებლად შეიცვლება და 20 იანვრის შემდეგ ურთიერთობები ევროკავშირის და აშშ-ს მიმართულებით მნიშვნელოვანწილად გადაიტვირთება.
ბრიუსელში 19 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სხდომაა დანიშნული, სადაც საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, ევროპელი ლიდერები იმსჯელებენ.