სახმელეთო, საავიაციო და საზღვაო უსაფრთხოება, საერთაშორისო წვრთნები და კონტრტერორისტული ოპერაციები - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს და ტერორიზმის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების გამო, საქართველოს, უსაფრთხოების მიმართულებით შტატების მტკიცე პარტნიორად მიიჩნევს. სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრტერორისტულ ბიუროში თვლიან, რომ ქვეყანას აქვს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და უპასუხოს ტერორისტულ ინციდენტებს. შტატების ვრცელ დასკვნას, ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
6 თავისგან შემდგარ დოკუმენტში, სადაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის წინააღმდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ძალისხმევას აფასებს, ცალკე გვერდი ეთმობა საქართველოს. ვრცელ ანალიზში საუბარია კონკრეტულ კონტრტერორისტულ ღონისძიებებსა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე. სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული კონტრტერორისტულ საკითხებზე საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ თანამშრომლობაში. ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან, გაეროსთან, ევროპის საბჭოსთან, ევროპის კავშირთან, ეუთოსთან, ინტერპოლთან და სხვა ორგანიზაციებთან.
კონტრტერორისტული ღონისძიებების გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია იმ პროგრესზეც, რომელიც საქართველომ სახმელეთო, საავიაციო საზღვრისა და საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით მიაღწია. დოკუმენტში განსაკუთრებული ადგილი უკავია ნატოს ხელმძღვანელობით ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაცია - "ზღვის მცველში" საქართველოს, როგორც ოპერატიული პარტნიორის მონაწილეობას. შეერთებული შტატების დადებით შეფასებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს ოპოზიცია.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ შეერთებული შტატების უმაღლესი შეფასება რეალური ფაქტებითა და სახელმწიფო სტრუქტურების გამართული მუშაობითაა განპირობებული. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დოკუმენტი უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის უდიდესს პროგრესს ადასტურებს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ყოველ წელს აანალიზებს ვინ რა ძალისხმევას იყენებს ტერორიზმის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოსთან დაკავშირებით კი სახელმწიფო დეპარტამენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კონტრტერორისტულ სტრატეგიას, რომელიც ქვეყანას 2026 წლამდე აქვს გაწერილი.