17 დეკემბერი 2024,   00:22
ვრცლად
ასადის რეჟიმის დამხობის მიუხედავად, სირიაში ომი არ დასრულებულა - ისრაელმა სირიის საპორტო ქალაქ ტარტუსში რუსულ სამხედრო ბაზას დაარტყა

ისრაელმა სირიის საპორტო ქალაქ ტარტუსში რუსულ სამხედრო ბაზას დაარტყა. შედეგად, იარაღის საწყობები განადგურდა. რუსი სამხედროები სირიიდან ევაკუაციას ცდილობენ. მედიის ცნობით, ბოლო დღეებში რუსეთმა დამასკოდან, სულ მცირე, 400 სამხედრო გადაიყვანა ხმეიმიმის ავიაბაზისკენ, საიდანაც რუსეთში მათი ტრანსპორტირება ავიარეისებით განხორციელდა. ასადის 24 წლიანი რეჟიმის დამხობის შემდეგ, ისრაელი სირიის ტერიტორიაზე, სამხედრო ინფრასტრუქტურას ინტენსიურად ბომბავს. "ცახალში" განმარტავენ, რომ მათი მიზანია ეს ობიექტები რადიკალურ დაჯგუფებების ხელში არ მოხვდეს.

პარალელურად, ბენიამინ ნეთანიაჰუ სახმელეთო ოპერაციას ისრაელი-სირიის საზღვარზე, ბუფერულ ზონაში განაგრძობს. "ცახალმა" დაიკავა გოლანის მაღლობი, რითაც შეაჩერა გაეროს მანდატით 1974 წელს მიღწეული შეთანხმება, რომელიც ტერიტორიის განიარაღებას ითვალისწინებდა. ისრაელში განმარტეს, რომ რეჟიმი, რომელთანაც თავის დროზე ეს შეთანხმება გაფორმდა, აღარ არსებობს. ცნობილია იმ ისლამისტური დაჯგუფების პასუხიც, რომლებიც სირიას აკონტროლებენ. მეამბოხეები აცხადებენ, რომ ისრაელის ქმედებების მიუხედავად, არ არიან დაინტერესებულები "ცახალთან" დაპირისპირებით.

დაპირისპირება გრძელდება ქვეყნის შიგნით არსებულ ჯგუფებს შორისაც. მედიის ცნობით, აჯანყებულებმა სირიის ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ძმისშვილიც ჩაქოლეს.

სიტუაციის დასტაბილურებას ცდილობს ევროკავშირი. ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, განხილვის ერთ-ერთი საკითხი სირიაში არსებული ვითარებაა. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, მისმა უწყებამ დამასკოში დიპლომატი გააგზავნა, რომელსაც ახალ ხელმძღვანელობასთან კონტაქტის დამყარება დაავალა.

სირიელ აჯანყებულთა ჯგუფი აკრძალულ ორგანიზაციად რჩება დიდი ბრიტანეთისთვის, თუმცა, მიუხედავად ამისა ლონდონი მათთან დიპლომატიურ კომუნიკაციაშია. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლენიმ გაავრცელა. ლენის თქმით, გაერთიანებული სამეფო სირიას და სირიელ ლტოლვილებს 50 მილიონი ფუნტის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს. ბრიტანეთის პარალელურად, 2012 წლის შემდეგ პირველად სირიელ აჯანყებულებთან კომუნიკაცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც დაამყარა.

სირიის დახმარებაზე საუბრობს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში. თომას ფლეტჩერი დამასკოში ჩავიდა, სადაც იმ დაჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებმაც ბაშარ ალ ასადის დამხობაში მიიღეს მონაწილეობა.

პარალელურად, 2012 წლის შემდეგ პირველად სირიაში დიპლომატიურ მისიას გაგზავნის საფრანგეთიც.

ავტორი: ლუკა ჩანგელია.

დღის ამბები