17 დეკემბერი 2024,   00:37
ვრცლად
"მიზანმიმართული დეზინფორმაცია" - პაპუაშვილის თქმით, საჯარო სამსახურში წარმოება სახელმწიფო ენაზე მიმდინარეობს და სიცრუის გავრცელება საზოგადოების მოტყუებას ისახავს მიზნად

პარლამენტის თავმჯდომარე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის ცოდნის ვალდებულების გაუქმებაზე, ოპონენტების მხრიდან დეზინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება. პირველი კანონმდებელი განმარტავს, რომ კანონის მიხედვით საჯარო სამსახურში წარმოება სახელმწიფო ენაზე მიმდინარეობს. საკითხთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელება კი საზოგადოების მოტყუებას ისახავს მიზნად.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ადასტურებს, რომ კანონში სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით ცვლილებები შეტანილი არ არის. თუმცა ამტკიცებენ, რომ პრობლემას ქმნის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დაქირავებულ პირთა წრის გაზრდა.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცია თემით მანიპულირებს და საკითხს ერთდღიანი პიარკამპანიისთვის იყენებს.

"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა, 13 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტი ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნას, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ შეფასებასა და საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს.

დღის ამბები