20 დეკემბერი 2024,   22:03
ვრცლად
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინირებულ ქმედებებში" - გიორგი ვაშაძე სანქციების შესახებ

შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას ხელისუფლების ოპონენტები სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას უწოდებენ.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩათვალა, რომ ეს ადამიანები მაგნიტსკის სიაში მოხვედრას იმსახურებდნენ.

"შეერთებული შტატები იღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს არის მისი სუვერენული უფლება, რომელსაც ის თვლის, რომ ობიექტური და სამართლიანია. მათ ჩათვალეს, რომ ეს ადამიანები მაგნიტსკის სიაში იმსახურებენ მოხვედრას, იმის გამო, რომ ისინი არიან პასუხისმგებელი თანამდებობის პირები იმ დარბევებთან მიმართებაში, რომელიც ხდებოდა,“ - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ბრძოლას აქვს ძალიან სერიოზული შედეგები და მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან. 

"ქართველი ხალხის ერთსულოვნებასა და ურყევ ბრძოლას აქვს ძალიან სერიოზული შედეგები და მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინირებულ ქმედებებში ამ კუთხით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს სანქციები გაგრძელდება როგორც ქვემოთა მიმართულებით, ასევე ზედა მიმართულებით. ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ დაუსჯელი არ დარჩება არც ერთი", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ბრიტანეთის გადაწყვეტილების პარალელურად, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მირზა კეზევაძე გლობალური მაგნიტსკის სიაში შეიყვანა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

 

დღის ამბები