01 იანვარი 2025,   08:23
ვრცლად
"სიმართლე გითხრათ, არ მქონია მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი სასახლეში დარჩებოდა, რაში სჭირდება ეს მას" - ნიკა მელია

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ პრეზიდენტს თავის გადაწყვეტილებაში მმართველი გუნდის ოპონენტებისგან სრული თანადგომა ჰქონდა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრობის" წევრის, გია ჯაფარიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი პერსონა, რომელსაც ლეგიტიმაცია აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ხალხის მიერ, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

"ოპოზიციის მხრიდან იყო სრული მხარდაჭერა მის ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მან თავის გადაწყვეტილება გამოაცხადა, ის რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად ქვეყანაში, რომელსაც აქვს, როგორც შიდა ლეგიტიმაცია, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ასევე ერთადერთია, რომელსაც ლეგიტიმაცია აქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ათონელის სასახლეში დარჩენა რეალურად არაფერში სჭირდებოდა, შესაბამისად, მოლოდინი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი რეზიდენციას დატოვებდა.

"რაც მალე დაინიშნება ახალი არჩევნები, მით უკეთესი. ქალბატონი ზურაბიშვილი, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს თითოეული აქ მყოფი ადამიანი. სიმართლე გითხრათ, არ მქონია მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი სასახლეში დარჩებოდა, რაში სჭირდება ეს მას, მით უფრო, როდესაც ის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზეც მიდის", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ის ათონელის საპრეზიდენტო სასახლეს დატოვებს და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეუერთდება.

დღის ამბები