01 იანვარი 2025,   20:42
ვრცლად
დადო პირობა, რომ იქნება ზეპარტიული - მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად ჩაიბარა

მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად ჩაიბარა. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია პირველი პრეზიდენტის სახელობის დარბაზში შედგა - იქ, სადაც, თავის დროზე, ფიცი ზვიად გამსახურდიამ დადო.

ღვთისა და ერის წინაშე - საპრეზიდენტო ფიცი მიხეილ ყაველაშვილმა სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციასა და იმ ბიბლიაზე დადო, რომელიც პარლამენტს კათოლიკოს-პატრიარქმა გადასცა.

ფიცის დადების შემდეგ გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის გუნდმა და ანსამბლმა "მართვემ“ შეასრულეს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას პირველად ესწრებოდა განსხვავებული შემადგენლობა - საარჩევნო კოლეგია, მთავრობა, საკონსტიტუციო ორგანოები, სასულიერო პირები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. დარბაზში იყო "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის ლიდერებთან ერთად. ცერემონიას სტუმრებისთვის განკუთვნილი ლოჟიდან ადევნებდა თვალს მიხეილ ყაველაშვილის ოჯახი.

ფიცის დადების შემდეგ, მათ წინაშე ყაველაშვილმა უკვე პრეზიდენტის სიტყვა წარმოთქვა.

დადო პირობა, რომ იქნება ზეპარტიული, რასაც პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს. განაცხადა, რომ სწორედ სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ფასეულობები უნდა იყოს საზოგადოების მთავარი გამაერთიანებელი. მიხეილ ყაველაშვილის სიტყვა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა და ის ეხებოდა როგორც ეროვნულ იდენტობას, ქრისტიანულ ღირებულებებსა და ტრადიციებს, ასევე - გამოწვევებს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა, როგორც უკვე უფლებამოსილმა პრეზიდენტმა, მიიღო პირველი მილოცვებიც - ბიძინა ივანიშვილისგან და მმართველი გუნდის ლიდერებისგან. მათ შორის იყო პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი იყო. მიხეილ ყაველაშვილის გარდა, ის ცერემონიაზე ერთადერთი გამომსვლელი იყო. შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა და საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის როლზე ისაუბრა.

მიხეილ ყაველაშვილი რიგით მეექვსე პრეზიდენტად საარჩევნო კოლეგიამ 14 დეკემბერს აირჩია. სწორედ ის გახდა დღეიდან სახელმწიფოს უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც მუშაობას ორბელიანების სასახლიდან შეუდგება.

დღის ამბები