დღე პირველიდან დღე უკანასკნელამდე 6 წელი გავიდა და წავიდა. წასვლამდე, დრო კიდევ ერთი საათით გაიხანგრძლივა და ტრიბუნასთან, დაანონსებული 10-ის ნაცვლად, 11 საათზე გამოჩნდა. ხალხთან, თუმცა შიგნით - სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლესთან შეკრებილებს სასახლის ეზოდან მიმართა და შენობაში ყოფნა-არყოფნის დილემასაც წასვლით უპასუხა. ისაუბრა გეგმებზეც. უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ საზოგადოებასთან მასშტაბურ შეხვედრებს დაიწყებს.
გეგმავს, ოპოზიციასთან ერთად, პოლიტიკურ საკითხებზე იმუშაოს. ისინი, ვინც 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას აპროტესტებდნენ, ახლა ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერების რიგებში დაინახა მმართველმა გუნდმაც. სწორედ ამიტომ, პირველი კანონმდებელი ოპონენტებს წარსულს ახსენებს და ოპოზიციის სტრატეგიას ორმაგ სტანდარტად აფასებს.
ყოფილმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო სასახლის კარი გამოიხურა, თუმცა მისმა გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობის თემა მაინც ვერ დახურა. ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამის მიუხედავად, მათი ნაწილი ჯერ მაინც ვერ აკონკრეტებს - რამდენად სწორი იყო ზურაბიშვილის ნაბიჯი.
სალომე ზურაბიშვილის გეგმები საინტერესო აღარ არის მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიას მისი საქმიანობიდან არც პოზიტიური მოლოდინი აქვს. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, მაშინ, როცა პრეზიდენტს ქვეყნის ინტერესები და კონსტიტუცია უნდა დაეცვა, სალომე ზურაბიშვილმა ეს არ გააკეთა.
ყოფილმა პრეზიდენტმა ბოლო სამუშაო დღე სვეტიცხოვლის ტაძარში დაასრულა. როგორ და რა ფორმით ჩაერთვება სალომე ზურაბიშვილი ახალი სტატუსით, აქტიურ პოლიტიკაში - კონკრეტულ გეგმებზე უახლოეს დღეებში ისაუბრებს.
ავტორი: იზი ბურნაძე