ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ სახელმწიფო დაფინანსების აღება მმართველი გუნდისთვის მათი ოპონენტების მიერ არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებას ნიშნავს.
4 ოპოზიციური პარტიიდან დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ერთმა თქვა. ნიკა მელია ფიქრობს, რომ მისი კოალიცია თანმიმდევრულია, არჩევნებს არ აღიარებს და, შესაბამისად, არც დაფინანსებას იღებს.
დაფინანსების მიღებაში პრობლემას ვერ ხედავენ სხვა ბარიერგადალახული პარტიები. მეტიც - მამუკა ხაზარაძის კოალიციაში დაფინანსების მოხსნაზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ და მმართველი გუნდისგან მანდატების გაუქმებას ელიან.
სახელისუფლებო გუნდში არც ოპოზიციის მიერ დაფინანსების მიღება უკვირთ და არც - მათ შორის დაპირისპირება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ პარტიებს თანხები უკვე ჩაერიცხათ.
ბარიერგადალახული პარტიების მიერ დაფინანსების მიღებაზე დღეს ჟურნალისტების შეკითხვას კიდევ ერთხელ უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება შვიდმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოიპოვა. 11 მილიონ ლარზე მეტი კი ასე გადანაწილდა - "ქართული ოცნება" 6 მილიონ 100 ათას ლარს მიიღებს, "ნაციონალური მოძრაობა" მილიონ 556 ათასს, "გახარია საქართველოსთვის" მილიონ 307 ათასს, "ლელო საქართველოსთვის" მილიონ 400 ათას ლარს. დაახლოებით 800 ათასს მიიღებს "გირჩი", 750 000 ლარს კი - "პატრიოტთა ალიანსი".