აზერბაიჯანის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ბოდიშს დაგვიანებულად მიიჩნევს. 25 დეკემბერს მომხდარ ავიაკატასტროფაში საკუთარი დანაშაული კრემლმა ოფიციალურად აღიარა, თუმცა, მთელი 3 დღის განმავლობაში, მოსკოვი კვალის დაფარვას აქტიურად ცდილობდა. რუსეთში მომხდარი ჯერ ჩიტებს, შემდეგ კი აირის ავზის აფეთქებას დაუკავშირეს. ილჰამ ალიევი დღეს კრემლის მიერ გავრცელებულ თეორიებს ბაქოს საერთაშორისო აეროპორტიდან გამოეხმაურა.
აბსურდული თეორიები მოსკოვმა გუშინ ოფიციალურად უარყო. გავრცელებულ განცხადებაში კრემლი წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგას, სატელეფონო საუბრის დროს მოუბოდიშა, მომხდარს “ტრაგიკული ინციდენტი“ უწოდა და დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების სამოქალაქო თვითმფრინავი ნამდვილად რუსეთის თავდაცვითმა სისტემამ დააზიანა. კრემლის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფაქტი იმ დროს მოხდა, როცა გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატები უტევდნენ. ვლადიმერ პუტინის აღიარებას წინ უსწორებდა უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა მოკავშირეებთან, მათ შორის კასპიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინის პრეზიდენტმა კოლეგას მიუსამძიმრა და მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა.
ჩართული მხარეებისა და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს ყაზახეთში. ექსპერტიზის წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ თვითმფრინავმა დაზიანება ყაზახეთის საჰაერო სივრცის მიღმა მიიღო. აზერბაიჯანის ავიახაზები საბედისწერო რეისს 25 დეკემბერს ბაქოდან-გროზნოს მიმართულებით ასრულებდა, თუმცა, დაზიანების გამო, კურსი ყაზახეთის მიმართულებით შეცვალა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა, ქალაქ ატაუს მახლობლად ჩამოვარდა. დაიღუპა 38 და გადარჩა 29 ადამიანი.