გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ბუნდესტაგის 23 თებერვლის არჩევნებამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით სამი მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ, თუმცა ამას ხელს უშლის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცის კანცელარია.
ამის შესახებ ინფორმაციას "შპიგელი" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის გასაგზავნი შეიარაღების სია, რომელიც 2024 წლის ნოემბერში გერმანიის სამთავრობო კოალიციის დაშლის შემდეგ შედგა, მოიცავდა სამ Iris-T საზენიტო-სარაკეტო ბატარეას რაკეტებით, Patriot-ის რაკეტებს, ათ ჰაუბიცას და საარტილერიო საბრძოლო მასალას.
გერმანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები დამატებითი დახმარების საჭიროებას ასაბუთებენ იმით, რომ კიევის გადაუდებელი საჭიროებების პროგნოზირება შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ რუსული შეტევის გაძლიერების გამო ბოლო თვეებში უკრაინის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
ამასთან "შპიგელი“ წერს, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, გაურკვეველი გახდა, გააგრძელებს თუ არა ვაშინგტონი კიევის სამხედრო მხარდაჭერას 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ.
იანვრის დასაწყისში გერმანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების გეგმის განხორციელება იმის გამო შეფერხდა, რომ ფედერალური კანცლერის კანცელარიამ არაოფიციალურად მიანიშნა, რომ არ უჭერს მხარს კიევისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფას. ოლაფ შოლცის კანცელარიაში განმარტავენ, რომ არ სურთ დახმარების გამოყოფა ბუნდესტაგის არჩევნების წინ და შესაბამისად, ახალი მთავრობის ფაქტის წინაშე დაყენება.
გარდა ამისა, ოლაფ შოლცის კანცელარიაში არ ხედავენ გადაუდებელი ქმედებების საჭიროებას, რადგანაც საკმარისად მიიჩნევენ 2025 წლის ბიუჯეტში უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის გათვალისწინებულ დაახლოებით, ოთხი მილიარდი ევრო, ასევე მიუთითებენ G7-ის მიერ გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივებიდან გამოყოფილი 50 მილიარდი დოლარის კრედიტის გამოყენების შესაძლებლობაზე.
სოციალ-დემოკრატებში „შპიგელის“ წყაროები ვარაუდობენ, რომ შოლცს არ სურს საარჩევნო კამპანიის პიკში უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდების გამოცხადება, რათა არ გააღიზიანოს სოციალ-დემოკრატების პოტენციური ამომრჩევლები.