ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ.
ადგილზე ხანძრის მასშტაბური სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს - ახალი ხანძრის კერა გაჩნდა ვესტ ჰილზშიც. ცეცხლის ჩაქრობა რთული რელიეფის და ძლიერი ქარის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ბოლო მონაცემებით განადგურებულია 5 ათასზე მეტი შენობა. ადგილობრივი მაღალჩინოსნები მოქალაქეებს მოუწოდებენ დაემორჩილონ ევაკუაციის შესახებ მოთხოვნას და დაუყოვნებლივ დატოვონ სტიქიის ზონა.
"სამწუხაროდ, ახალი ხანძრის კერა გაჩნდა ვესტ-ჰილზში. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ძლიერი ქარის გამო ეს ხანძარი სწრაფად გავრცელდება სხვა ტერიტორიებზეც. მინდა გითხრათ, რომ ეს არის დინამიკური სიტუაცია, რომელიც შეიძლება მომენტალურად შეიცვალოს. ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება ლოს-ანჯელესის მოსახლეობის უსაფრთხოება, გთხოვთ გაითვალისწინოთ მითითებები, რომელსაც ადგილობრივი ჩინოვნიკები გასცემენ. გთხოვთ, დაემორჩილოთ მოთხოვნას ევაკუაციის შესახებ. რადგანაც ამ მოთხოვნაზე უარის თქმით თქვენ საფრთხის ქვეშ აყენებთ თქვენს და სხვების სიცოცხლეს", - განაცხადა ლოს-ანჯელესის მერმა კარენ ბასსიმ.