
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას ევროპა ამხილა დემოკრატიის უკუსვლასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში.
"მან, ფაქტობრივად, ლექციები წაუკითხა ევროკავშირს დემოკრატიასთან დაკავშირებით. მან ფაქტებით და მტკიცებულებებით პირდაპირ ამხილა, თუ როგორი ტიპის დემოკრატიული უკუსვლა არის ევროკავშირში, როგორ იზღუდება სიტყვის თავისუფლება.
მინიმუმ, ღიმილისმომგვრელია ის, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, გვთხოვენ ჩავატაროთ ახალი არჩევნები. ამ შემთხვევაში, ეს არა ორმაგი, არამედ ასმაგი სტანდარტია, ვინ აძლევთ ამის უფლებას.
ჯერ მიხედონ თავის შიდა საქმეებს, მიხედონ, იმ ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც არის ბრიუსელის ბიუროკრატების ხელში, ჯერ გაარკვიონ ისეთი საკითხები, რომელსაც უკვე ბატონი ვენსი და ადმინისტრაცია პრეტენზიად უყენებს ევროკავშირს იმ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც რუმინეთში ჩატარდა და შემდეგ მისცენ თავს უფლება, რომ აკრიტიკონ ჩვენი შიდა საქმეები", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ევროპას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროპისთვის მთავარი საფრთხე არა რუსეთში და ჩინეთში, არამედ მისსავე შიგნითაა.
ევროპის პრობლემებზე საუბრის დროს, დი ვენსმა ახსენა არჩევნების გაუქმება რუმინეთში და განაცხადა, რომ ასეთივე საფრთხე არსებობს გერმანიაშიც.