
ჯანდაცვის მინისტრი საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა. ონკოლოგიური დაავადება რომ განაჩენი არ არის, ეს უკვე არაერთი გამოჯანმრთელებული ბავშვის მაგალითით დამტკიცდა. მათი ნაწილი უკვე სამშობლოში დაბრუნდა. შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძეს პაციენტების მშობლებმა განვლილი გზა და მკურნალობის შედეგები გაუზიარეს.
მიხეილ სარჯველაძემ, კიბოზე გამარჯვების დღეს, პაციენტ ბავშვებს საჩუქრები გადასცა, ექიმებს კი მაქსიმალური მხარდაჭერის პირობა მისცა.
ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თურქეთის კლინიკაში მყოფი ონკოპაციენტები მოინახულა საქართველოს პირველმა ლედიმ. თამარ ბაგრატიონმა ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
სამედიცინო შემოწმებას და კონტროლს ონკოპაციენტი ბავშვები ისევ საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით გაივლიან, რომელიც 2023 წლის აგვისტოდან ამოქმედდა.
პროგრამის ფარგლებში, პაციენტების მკურნალობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ 8 კლინიკაში სრულად ფინანსდება.
ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამით160-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. მკურნალობა უკვე დაასრულა 101-მა პაციენტმა.