15 აგვისტო 2026,   17:12
ვრცლად
უკრაინაში ომმა, ჯარისკაცების გარდა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. აქ რუსული ბომბებით ქალებს, ბავშვებს, პატარებს დღესაც კლავენ - ომის 3 წელი უკრაინაში

სამხედრო მოქმედებების პირველივე დღეს, დილაადრიან გამოქვეყნებულ მიმართვაში, რუსეთის პრეზიდენტმა ომში მყოფ ქვეყანას უთხრა, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" დაიწყო, რომელიც მიზნად უკრაინის "დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციას" ისახავდა. პუტინის განცხადებიდან რამდენიმე წუთში, უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო. ასე ვითარდებოდა მოვლენები, რომელიც 21-ე საუკუნეში თითქოს წარმოუდგენელიც იყო.

რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ ოკუპირებული დონბასიდან და ყირიმიდან, ასევე - ბელარუსის ტერიტორიიდან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

სამწლიანმა ომმა, ჯარისკაცების გარდა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, ადამიანები დაასახიჩრა და ძალადობის მსხვერპლებად აქცია. აქ რუსული ბომბებით ქალებს, ბავშვებს, პატარებს დღესაც კლავენ.

ოკუპანტებმა სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებში დაბომბეს სამშობიარო. ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის სისასტიკე მთელმა მსოფლიომ ბავშვების შეშინებული სახეებით და კადრებით კიდევ ერთხელ დაინახა.

პატარები, დიდ ომთან ერთად რომ დაიბადნენ... თუმცა, ომთან ერთად არ დაბადებულა შიში იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც იარაღი დაურიგეს და ბრძოლის ველზე მოხალისეებად წავიდნენ, მათ შორის - ქალები.

გამაფრთხილებელი სიგნალიც მათ ცხოვრებაში, ალბათ, სამუდამოდ დარჩება და ისიც, როგორ ემალებოდნენ ომს მეტროებსა თუ თავშესაფრებში.

ემალებოდნენ მიწისქვეშეთის ბნელ დერეფნებში, რომელიც უკვე სიცარიელის, გაჭირვებისა და მწუხარების ადგილად იქცა. კედლები ომს გადარჩენილებისა და შეწირულების ისტორიებს ინახავს.

სამი წლის წინ, თებერვლის მიწურულს დაწყებულმა ომმა მილიონობით ქალი და ბავშვი დევნილად აქცია და სახლები დაატოვებინა. მატარებლებმა და ავტობუსებმა ერთმანეთს არაერთი ოჯახი დააშორა.

მთელმა მსოფლიომ გაიცნო ატირებული პატარა ბიჭიც, რომელსაც ომის დაწყების შემდეგ სახლის დატოვება მოუწია.

ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდიც, მხარეები შეთანხმდნენ "ჰუმანიტარული კორიდორების" გახსნაზე სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის, თუმცა სისხლისმღვრელი ომის გაჩერება ვერ მოხერხდა.

ასე იქცა ომი ამ ადამიანების ყოველდღიურობად.

ომის ქრონიკებში, ალბათ, სულ დარჩება კუნძულ ზმეინის მცველების ფრაზაც, რომლითაც უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებს დანებებაზე უარი უთხრეს.

ოკუპანტებმა არც ის შენობა დაინდეს, სადაც ომს გაქცეული ასობით ადამიანი აფარებდა თავს. 16 მარტს საავიაციო დარტყმამ მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე შეიწირა. დაიღუპა 600-მდე ადამიანი.

დანგრეული ცხოვრება, დანგრეული სახლები, საყვარელი ადამიანების დაკარგვა, ქალაქში სიკვდილის სუნი - ასეთია ომის შედეგები მარიუპოლში, რომელიც ოკუპანტმა ქვეყანამ მოჩვენებების ქალაქად აქცია. ადგილობრივები ცხედრებს ქუჩებშივე მარხავდნენ.

სრულმასშტაბიანი შეჭრისთანავე, რუსეთის ჯარი აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ მარიუპოლისკენ დაიძრა.

2022 წლის ივნისში მას შემდეგ, რაც რუსებმა ალყაში მოქცეული უკრაინის ქალაქი აიღეს, კრემლმა პირობა დადო, რომ მას აღადგენდა და სიცოცხლეს დაუბრუნებდა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ქალაქში რუსულმა ჩექმამ 25 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასობით ათასმა კი მარიუპოლიც და ქვეყანაც დატოვა. რუსეთმა მასზე კონტროლი მას შემდეგ მოიპოვა, რაც აზოვსტალის ბატალიონის წევრები მტერს ჩაბარდნენ.

ბატალიონ აზოვის ჯარისკაცები აზოვსტალის ცნობილ ქარხანაში 18 მარტიდან 20 მაისამდე იყვნენ გამაგრებულები და დანებებას არც აპირებდნენ.

ქარხანა ამ ხნის განმავლობაში ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით იბომბებოდა, რომელთა წონაც რამდენიმე ტონას აღწევს. სამხედროებთან ერთად გვირაბებში იმალებოდნენ ქალები და ბავშვები.

2022 წლის 4 მაისს რუსეთი ჯარები აზოვსტალის ტერიტორიაზე შევიდნენ. ქარხნის ტერიტორიაზე მყოფმა უკრაინელმა სამხედროებმა ბრძოლა შეწყვიტეს და ტყვედ ჩავარდნენ. მოგვიანებით, ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ.

მალევე მარიუპოლის მანგუშის გარეუბანში უკრაინული მხარის ინფორმაციით, 9 000-მდე ადამიანის მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.

უკრაინელებმა ასზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის სამარხი აღმოაჩინეს ბუჩაშიც, მას შემდეგ რაც დასახლება ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. შავ პარკებში გახვეული ასობით გვამი და ადგილობრივების მონათხრობი რუსულ სისასტიკეზე მორიგი მტკიცებულება გახდა იმისთვის, რომ რუსეთისთვის ომის დანაშაულში ბრალდება წარედგინათ.

ბუჩასა და ირპინში განსაკუთრებულ სისასტიკესთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს საერთაშორისო გამომძიებლები აგროვებდნენ. უკრაინამ დიდ ომში დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვა.

ბუჩაში, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულ ძალებს 458 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რუსეთი ომის დანაშაულთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს. უფრო მეტიც, ვლადიმერ პუტინმა ის ბრიგადა დააჯილდოვა კიდეც, რომელსაც ბუჩაში ომის დანაშაულში, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ბრალს სდებენ.

მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღძრა "ტერაქტის" ბრალდებით მაშინ, როცა ყირიმის ხიდი აფეთქდა. საავტომობილო ხაზი, რომელიც სარკინიგზო ხაზის პარალელურადაა აშენებული, ჩამოინგრა.

სიმბოლურის გარდა, ყირიმის ხიდი სამხედრო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო და არის – ხმელეთისგან დიდწილად მოწყვეტილი ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთთან სწორედ ამ ხიდით იყო დაკავშირებული, რომელსაც კრემლი რამდენიმე წელი აშენებდა და რომელშიც მილიარდობით აშშ დოლარი დაიხარჯა. ყირიმის ხიდის შემდეგ, უკრაინამ განაგრძო რუსულ სამხედრო და საწარმოო ობიექტებზე თავდასხმები, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე და უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდში.

ავდიივკა დონბასის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი ბოლო ქალაქია, რომელიც ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ 2024 წლის 17 თებერვალს ოკუპანტებმა აიღეს. შეტაკებების დროს 2000 -მდე მოქალაქე იძულებული გახდა მიწისქვეშ შეეფარებინა თავი. რუსებმა დაიკავეს კიდევ ერთი სტრატეგიული პუნქტიც - ვუჰლედარი. 2024 წელს უკრაინას ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატებაც. აგვისტოში უკრაინის სამხედრო ძალები რუსეთის კურსკის ოლქში შეიჭრნენ და რუსეთის ტერიტორიის ნაწილს დღემდე აკონტროლებენ, თუმცა იქ ჩრდილოეთ კორეის სამხედროების შეყვანის შემდეგ უკრაინამ მოპოვებული ტერიტორიის დაახლოებით 40 პროცენტი დაკარგა. ახლა ფრონტის ხაზზე ყველა მიმართულებით რთული ვითარებაა.

Wall Street Journalis მონაცემებით, რომელიც დასავლურ დაზვერვას ეყრდნობა, 2024 წლის 17 სექტემბრის მონაცემების მიხედვით, უკრაინის სავარაუდო დანაკარგები ომში 480 000 დაღუპული და დაშავებულია. თუმცა, უკრაინული ხელისუფლება ამბობს, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად დაბალია. კიევი მოსკოვის მსგავსად არ აქვეყნებს ინფორმაციას სამხედრო დანაკარგების შესახებ და ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ომის დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება. ამავე გამოცემაზე დაყრდნობით, რუსული არმიის დანაკარგები ასე გამოიყურება - 600 ათასი დაღუპული და დაშავებული.

ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყანა 7 მილიონამდე ადამიანმა დატოვა. ეს რიცხვი დაახლოებით ორჯერ აღემატება კიევის მოსახლეობას. ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო გერმანიამ, პოლონეთმა და ჩეხეთმა.

24 თებერვალს უკრაინაში ომის მეოთხე წლის ათვლას დაიწყებენ. სანამ პოლიტიკოსები მშვიდობაზე სალაპარაკოდ ერთი მაგიდის გარშემო დასხდებიან, მოქალაქეები უკრაინაში ახლაც იხოცებიან.

ადამიანები ომის ტრაგედიაში დღემდე ცხოვრობენ. გაურკვეველი აწმყოთი და მომავლის იმედით. ცხოვრობენ მუდმივი სარაკეტო და საავიაციო იერიშების ქვეშ. ომის პირისპირ და მშვიდობის მოლოდინში დარჩენილებს დიდებს, პატარებს, მოხუცებს, ახლობლებდაკარგულ ადამიანებს კი ეიმედებათ, რომ სისხლისმღვრელი ომი მათ ქვეყანაში მალე დასრულდება.

დღის ამბები