
შემცირებული მანძილი და დრო - დღეიდან, ვაკიდან ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა უფრო მარტივი და კომფორტულია. უნივერსიტეტის ქუჩიდან საბურთალომდე მანძილის დაფარვა რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. მძღოლები ამბობენ, რომ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი სატრანსპორტო მოძრაობას მნიშვნელოვნად განმუხტავს.
უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა დასრულდა. ახალი გვირაბი დღეს დედაქალაქის მერმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა. ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს. მათი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი.
110 მეტრიან გვირაბში ავტომობილების გადადგილება ორმხრივად არის შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში მოეწყო სპეციალური პანდუსები, ტროტუარი, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები, დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიხეილ შავიშვილის ქუჩასაც.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. ახალი გვირაბის მშენებლობისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი გამოიყო.