ანტისანიტარია, ნესტი, უჰაერობა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები, დაობებული კედლები და წყლის გუბეები ციხის საკნებში - ასე გამოიყურება დღეს ხონის ნომერ მეცამეტე პენიტენციური დაწესებულება. სწორედ ამ პირობებში უწევდათ სასჯელის მოხდა პატიმრებს წლების განმავლობაში.
ხონის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული უმძიმესი ფაქტები, 16 წლის შემდეგაც რთული გასახსენებელი აღმოჩნდა ციხის ყოფილი თანამშრომლებისთვის. მათ "კურიერთან" დეტალურად ისაუბრეს ღირსების შემლახავ პირობებსა და მოპყრობაზე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს საპატიმროში იყო შექმნილი.
არაადამიანური მოპყრობა, ჩაგვრა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ რეალობის და ყოველდღიურობის, რომელშიც ასობით პატიმარი იმყოფებოდა. სურათი, რომელიც დღეს საგამოძიებო კომისიის წევრებს ადგილზე დახვდათ, მძიმე სანახავი აღმოჩნდა.
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, ხონის პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის და არაადამიანურ პირობებზე დღეს დეტალურად ისაუბრეს საგამოძიებო კომისიის წევრებმა. დეპუტატებმა პატიმრების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები გაიხსენეს და თქვეს, რომ ასობით მსჯავრდადებულს სასჯელის მოხდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად უწევდა.
საგამოძიებო კომისიამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 30-ზე მეტი საჯარო სხდომა გამართა და 100-ზე მეტი პირი გამოკითხა. ასობით საქმე, რომლებიც დეპუტატებმა განიხილეს, წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ჩამორთმეულ საკუთრებასა და ბიზნესის რეკეტს ეხება.