08 ოქტომბერი 2024,   19:00
ვრცლად
"რამდენადაც შეეცდებიან ისინი ჩვენს დაყოფას, უფრო ერთიანები გავხდებით", - ფედერიკა მოგერინი ბრიუსელში იმყოფება

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. დღის წესრიგის მთავარი თემა პარიზში მომხდარი ტერაქტები და ევროპული უსაფრთხოების საკითხებია. საგარეო საქმეთა მინისტრები ერთიანი ზომების გატარების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ.

მათი თქმით, არ იქნება გადახედილი ევროკომისიის საიმიგრაციო პოლიტიკა, რადგან ტერორისტების მიზანი სწორედ ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლაა. 

"საფრთხე ყველას ერთნაირად ემუქრება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ არის თავდასხმა მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, ეს არ არის თავდასხმა მხოლოდ ევროპაზე, ეს არის თავდასხმა ცივილიზებულ სამყაროზე. საჭიროა, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, გავუზიაროთ ინფორმაცია და პოლიტიკური დღის წესრიგი. უნდა გამოვიყენოთ ყველა დიპლომატიური, ეკონომიკური, ზოგჯერ სამხედრო რესურსიც კი, რომ წინ აღუდგეთ მსგავს საფრთხეებს. რამდენადაც შეეცდებიან ისინი ჩვენს დაყოფას, იმდენად უფრო ერთიანები გავხდებით." - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ. 

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ არსებობს.

"ტერაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საფრანგეთთან და ვცდილობთ, წინ წავიწიოთ. დღეს კი კოლეგებთან სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გზებით შესაძლო გადაჭრაზეც ვისაუბრებთ. დამატებითი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ჩვენი ძალისხმევა და თანამშრომლობა უნდა გავაძლიეროთ," - განმარტა დიდიე რეინდერსმა.  

დღის ამბები