პრაქტიკულად, საარჩევნო შტაბად გამოაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელიც ჩაფიქრებულია, რომ იყოს ზეპარტიული, ნეიტრალური ინსტიტუტი, - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესებსა და ოპოზიციასთან შეხვედრებს აფასებს.
"პრეზიდენტი, ბოლო ხანებია, სრულიად საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს იმისა, რაც არის კონსტიტუციური წესრიგი. ზეპარტიულობასა და იდეალურ მოწყობაზე კი არ არის აქ საუბარი, ელემენტარული სამართლებრივი ნორმების უპატივცემულობაზეა ლაპარაკი - პრაქტიკულად, საარჩევნო შტაბად გამოაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელიც ჩაფიქრებულია, რომ იყოს ზეპარტიული, ნეიტრალური ინსტიტუტი. ამ ყველაფრის ფონზე, მგონი, ყველაფერი ნათელია. რეალურად, დაკარგა საკუთარი ფუნქცია, ის უბრალოდ ცდილობს, რაღაც ფორმით, ხელი შეუწყოს ოპოზიციას," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.