21 დეკემბერი 2024,   15:33
ვრცლად
"ოპოზიციის სიცარიელის შესავსებად, უცხოელი პოლიტიკოსები თავს მეტის უფლებას არ უნდა აძლევდნენ" - მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დასავლეთისგან კრიტიკა მხოლოდ იმიტომ მოდის, რომ როგორმე ადგილობრივი ოპოზიციონერ ლიდერებს დაეხმარონ, რადგან ისინი ცარიელები არიან.

როგორც სარჯველაძემ გადაცემა "დღის კურიერში" განაცხადა, საქართველოსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები ქვეყნის შიგნით უნდა მიიღებოდეს.

"ბუნებრივია, საქართველოში არავის სჯერა, რომ ქვეყანა იმდენად ანტიდემოკრატიულია, რომ ის ყველაზე მეტი აგრესიის საბაბი შეიძლება იყოს დემოკრატიული სამყაროსგან და ყველა სხვა აბსოლუტურად დემოკრატიული და უნაკლო გახდა. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოში არავის არ სჯერა. აქედან გამომდინარე, ყველასთვის ნათელია, რომ ის, რაც ხდება, არის ინიციატივა, რომელსაც აქვს გარკვეული ასპარეზი მიცემული და რომლის მთავარი ფუნქციაც გახვალთ, როგორმე, ოპოზიციის დახმარება, რომელიც სულს ღაფავს. არ მინდა, ხისტი გამომივიდეს განცხადება, თუმცა სხვა შეფასებას ოპოზიცია არ იმსახურებს. ამიტომაც არის, რომ სიცარიელე, რომელსაც უნდა ავსებდეს ოპოზიცია, მის ნაცვლად, ამ სიცარიელეს ავსებენ უცხოური პოლიტიკური ძალები.

ეს არ არის კარგი ტენდენცია, არცერთ შემთხვევაში, რაც არ უნდა გულშემატკივრული იყოს დამოკიდებულება და კეთილგანწყობილი ნებისმიერი პოლიტიკოსისგან დასავლეთ ევროპიდან იქნება ეს, თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებისგან, ეს, რა თქმა უნდა, არ არის შესაწყნარებელი.

თუ ჩვენ გვესმის და გვეამაყება, ილიას ცნობილი ნაწარმოებისა არ იყოს, ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო, - ეს თუ ღირებულია ქართველისთვის, რა თქმა უნდა, მისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ საქართველოში უნდა შეგვწევდეს უნარი და შეგვწევს კიდეც, რომ ჩვენ თვითონ მივიღოთ გადაწყვეტილებები და, ოპოზიციის სიცარიელის შესავსებად, უცხოელი პოლიტიკოსები თავს მეტის უფლებას არ უნდა აძლევდნენ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები