გარემოზე ზრუნვა, ახალი რეკრეაციული ზონების და მწვანე სივრცეების მოწყობა ის მიმართულებებია, რაც მომდევნო წლებშიც მერიის მთავარი პრიორიტეტი იქნება. კახა კალაძემ მოსახლეობას ანგარიში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ პროგრესზე, ე.წ. თემქის ხევის პარკიდან წარუდგინა. 25 ჰექტარზე გაშენებული სივრცე, რომელიც წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო, დღეს განტვირთვის და დასვენების კომფორტული ადგილია.
დედაქალაქის მასშტაბით ბოლო 7 წლის განმავლობაში 2600 პარკი მოეწყო. განახლდა 375 ჰექტარი რეკრეაციული სივრცე. გარემოს დაცვის პოლიტიკაში ერთ-ერთი მიმართულება საგზაო კუნძულების მოწყობა, ფიტოსანიტარია და თბილისის ტყის მოვლაა.
მერის ანგარიში მოისმინეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების მიზანი დედაქალაქის განვითარებაა.
დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება. სექტემბერში დასრულდება ვერის პარკის რეაბილიტაცია. აქტიურ ფაზაშია ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მშენებლობაც.