06 ივნისი 2026,   00:41
ვრცლად
უსაფუძვლო ბრალდებები თუ ვენის კონვენციის აშკარა დარღვევა - გერმანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

გერმანიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საკუთარი სურვილით არ მისულა. დიპლომატი ოფიციალურ უწყებაში დაიბარეს, რასაც თავად ფიშერმა მისი სანქცირება უწოდა. თავადვე ახსენა მიზეზიც.

დიპლომატის მიდგომები რომ კონტრპროდუქტიულია გერმანიასთან ურთიერთობის კუთხით, ეს პეტერ ფიშერს საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე განუმარტეს. ელჩი სამინისტროში სწორედ მისი პოზიციონირების გამო დაიბარეს. ოფიციალური განცხადების მიხედვით, პეტერ ფიშერს ვენის კონვენციის 41-ე მუხლი შეახსენეს, რაც დიპლომატს ავალდებულებს პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს და არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.

მმართველი გუნდი ხელისუფლების წინააღმდეგ პეტერ ფიშერის უსაფუძვლო თავდასხმებზე აქამდეც საუბრობდა. ელჩს დიდი ხანია მოუწოდებენ, დაუბრუნდეს დიპლომატიურ ჩარჩოებს. ასეთი არაერთი განცხადება კეთდებოდა - მაგალითად მაშინ, როცა "ქართული ოცნება" ელჩის კრიტიკას პასუხობდა; მაშინაც, როდესაც პეტერ ფიშერი მოშიმშილე ოპოზიციონერებს სოლიდარობას უცხადებდა, ან დაკავებულების სასამართლო პროცესებს ესწრებოდა. ბოლოს დიპლომატს ექსტრემისტული ჯგუფების მხარდაჭერაზეც მიუთითეს, მას შემდეგ, რაც მან სტუდენტური მოძრაობისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა და ახალგაზრდებს ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურობა მოუწონა.

ის, რაც მმართველი პარტიისთვის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა, ოპოზიციისთვის დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობაა. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც ელჩებს აქტიურადაც ხვდებიან, აცხადებენ, რომ დიპლომატების არადიპლომატიურ საქმიანობას დამტკიცება სჭირდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩის მისვლას წინ უძღოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების განცხადება. 27 სახელმწიფოს, მათ შორის გერმანიის წარმომადგენლობა წერდა, რომ ისინი მხარს არც ერთ პარტიას არ უჭერენ, ხოლო ოპოზიციასთან ან სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრები ვენის კონვენციას შეესაბამება. მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, კონკრეტული აქტორების განცხადებები, რომლებიც რადიკალიზმს ახალისებს, საპირისპიროზე მეტყველებს.

პეტერ ფიშერს საქართველოში უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვეში ეწურება.

დღის ამბები