07 აგვისტო 2026,   13:23
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო

პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს რთველი 2025-ის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

დღესვე, კახეთში გაიხსნა მეღვინეობა "ვაინ ერა", სადაც ღვინო ძველი ტრადიციებით და ევროპული ტექნოლოგიებით შეიქმნება და ორიენტირებული იქნება მსოფლიო სტანდარტებზე.

8 ათასწლიანი ღვინის ისტორიის მქონე ქვეყანაში ფრანგული კონიაკის ნაპოლეონის წარმოებაც დაიწყება. ღვინის სამშობლოსა და კონიაკის სამშობლოს თანამშრომლობით, მეღვინეობა კაჭრეთი, ქართულ ღვინოსთან ერთად, ფრანგულ კონიაკსაც გამოუშვებს.

კახეთში დღეს პრემიერი კიდევ ერთი პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. გურჯაანის პარტნიორი ამჯერად ბასკეთის კულინარიის სკოლაა. 200 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯი 21 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება და აღიჭურვება უმაღლესი სტანდარტებით. მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, სარესტორნო სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობე სივრცეები. აშენდება რამდენიმე ათეულ სტუდენტზე გათვლილი კამპუსი.

საგანმანათლებლო მიმართულებით კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. თელავის ნომერ პირველ საჯარო სკოლის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იწყება. პრემიერ-მინისტრი ასევე გაეცნო თელავში მიმდინარე ურბანული განახლების პროექტს, რომელიც ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში, თელავის ქუჩებს ისტორიული იერსახე დაუბრუნდება. მთავრობის მეთაურმა დღესვე საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა.

ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსს ეწვია, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანებული კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა და ინფორმაცია აბბა ალავერდელი მიტროპოლიტისგან მიიღო.

 

ავტორი: კესო ქაფიანიძე

დღის ამბები