07 აგვისტო 2026,   13:27
ვრცლად
ელისო ვირსალაძე სცენაზე და გენიალური შესრულება, რომელიც წლებთან ერთად, ქართველი მსმენელისთვის უფრო ძვირფასი ხდება - მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში

ელისო ვირსალაძე სცენაზე და გენიალური შესრულება, რომელიც წლებთან ერთად, ქართველი მსმენელისთვის უფრო ძვირფასი ხდება. თელავის სახელმწიფო თეატრში შეკრებილი საზოგადოება პიანისტს უწყვეტი აპლოდისმენტებით შეხვდა.

კვირეულის დასკვნით საღამოზე ელისო ვირსალაძისა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტს დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი ხელმძღვანელობდა. ორ საათიანი საღამო ანშლაგით მიმდინარეობდა.

ქართველი და უცხოელი არტისტები ერთ სცენაზე და მუსიკა, როგორც კულტურათა დიალოგი. მრავალფეროვანი პროგრამა და დაუვიწყარი გამოცდილება, რომელიც უკვე ათეულობით წელს ითვლის - თელავის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი მსმენელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.

80-იან წლებში ფესტივალი ელისო ვირსალაძემ დააარსა და მას "ქება ვაზისა" უწოდა. თითქმის ოც წლიანი პაუზის შემდეგ, 2010 წელს ფესტივალი ახალი სახელწოდებით აღდგა და ის ყოველწლიურად იმართება.

ფესტივალის განმავლობაში მსმენელის წინაშე ელისო ვირსალაძე, დავიდ ოისტრახის კვარტეტი, პიანისტი ფილიპ ლინოვი, ვიოლონჩელისტი იბაი ჩენი და ასევე საერთაშორისოდ აღიარებული არაერთი ქართველი მუსიკოსი წარდგა.

ფესტივალის ფორმატი, გარდა საკონცერტო პროგრამისა, სემინარებსა და მასტერკლასებსაც მოიცავდა.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

დღის ამბები