კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო დამხობისკენ მოწოდების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია აქციის 5 ორგანიზატორი. ყველაფერი კი, მათივე მოწოდებების საფუძველზე დაიწყო.
18:51 საათი - პაატა ბურჭულაძე აქციის მონაწილეებს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს და მთავრობის წევრების დატყვევებას ითხოვს. განცხადებიდან სამ წუთში იმავე მოწოდებებით სცენაზე ჩნდება "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა. მომიტინგეებს ისიც ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს.
დემონსტრანტები ორგანიზატორების ინსტრუქციას მიყვებიან და 12 წუთში თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის რეზიდენციასთან ინაცვლებენ. 19:08 საატზე, ათონელის სასახლის ჭიშკარს ანგრევენ და შენობაში შეჭრას ცდილობენ. მათ წინ მიუძღვის მურთაზ ზოდელავა, რასაც მოგვიანებით ერთ-ერთი მედიის ეთერშიც ადასტურებს.
სასახლეში შეჭრის მიზნით, ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ პროცესებში მონაწილეობას აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძეც. ის მალევე ამბობს, რომ ცუდად არის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს.
ათონელის ქუჩას მალევე ტოვებს მურთაზ ზოდელავაც. ირაკლი ნადირაძესთან ერთად ის პარლამენტის წინ ინაცვლებს, საიდანაც აქტივისტებს მოუწოდებენ, არ შეწყვიტონ ხელისუფლების დამხობის მცდელობა. პროფესიით იურისტი მურთაზ ზოდელავა უკვე ხვდება, რომ მისი დაკავება გარდაუვალია.
ღამის 01:50 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ სამართალდამცველები ჩნდებიან და მიხეილ სააკაშვილის პარტიისა და გვარამია-მელიას კოალიციის ლიდერებს აკავებენ. ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა შსს-ს თანამშრომლებს რუსთაველის გამზირიდან იზოლატორში გადაჰყავთ.
02:32 საათზე დაკავების კიდევ ერთი ოპერაცია მიმდინარეობს კლინიკა "ჰელსიკორში". სწორედ იქ ადებენ სამართალდამცველები პაატა ბურჭულაძეს ხელბორკილს.
მალევე, შსს-ს თანამშრომლები აკავებენ აქციის კიდევ 2 ორგანიზატორს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი სამართალდამცველებს თავისი საცხოვრებელი სახლიდან აჰყავთ.
შსს-ში გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.