07 აგვისტო 2026,   13:35
ვრცლად
გამოკითხვები 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე - ხელისუფლება დამხობის გეგმაში ბაჩო ახალაიას აქტიურ მონაწილეობას არ გამორიცხავს

გაუთქმელობის ხელწერილზე ხელმოწერის შემდეგ, "ფედერალისტების" ლიდერი გამოძიების შეკითხვებს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში პასუხობდა. დაკითხვის საფუძველი თავად თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება გახდა, სადაც ის ამბობს, რომ ხელისუფლების დამხობის გეგმა ბაჩო ახალაიას სახლში მუშავდებოდა. ჩერგოლეიშვილმა დღესაც დაადასტურა, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების მიღმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი იდგა და სააკაშვილიც ყველაფრის საქმის კურსში იყო.

დაკითხვის დასრულებიდან რამდენიმე საათში, "ფედერალისტების" ლიდერს, ბრალდების მთავარმა ადრესატმა არა, მისმა მეუღლემ კი, სოციალური ქსელით უპასუხა.

ჩერგოლეიშვილის ბრალდებები კატეგორიულად მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობისთვისაც". სააკაშვილის პარტიაში, სადაც ბაჩო ახალაიასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფენ, ამტკიცებენ, რომ "ფედერალისტების" ლიდერი შეთქმულების თეორიის განვითარებას ცდილობს.

მოქმედი და ყოფილი "ნაციონალების" კოორდინირებულ ქმედებაზე საუბრობს სახელისუფლებო გუნდი. მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის ძალადობრივი გეგმის შემუშავებაში მთავარი როლიც ჰქონოდა.

გამოძიება ახლა იმასაც არკვევს, რა კავშირი ჰქონდათ ოპოზიციის მხარდამჭერ აქტივისტებს ხელისუფლების დამხობის გეგმასთან. მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენება დღეს კახა კვეკვესკირმაც მისცა. "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ამტკიცებდა, რომ რევოლუციური გეგმის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა ამ განცხადებიდან რამდენიმე წამში დაადასტურა, რომ 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე პაატა ბურჭულაძესთან ერთად იმ ოფისში იმყოფებოდა, სადაც საპროტესტო აქცია იგეგმებოდა.

საგამოძიებო უწყებისთვის მიწოდებული ინფორმაციის დაცვის მიზნით, გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს ხელი ნადიმ ხმალაძესაც. ოპოზიციის მხარდამჭერი ძალადობრივ გეგმასთან კავშირს უარყოფს და იქვე ადასტურებს, რომ 4 ოქტომბრამდე მთავარ ორგანიზატორ პაატა ბურჭულაძესთან ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა.

არშემდგარი რევოლუციის შემდეგ, "ქართული ოცნება", ხელისუფლების დამხობის გეგმაში ჩართულ პირებს, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ათონელის საპრეზიდენტო სასახლეზე განხორციელებული შტურმი, იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, ამისთვის კი ყველამ პასუხი, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს.

4 ოქტომბრის მოვლენებზე შსს-ში საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება. წინასწარ პატიმრობაშია დამხობის აქციის 5 ორგანიზატორი და 46 მონაწილე, რომლებსაც ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვთ წარდგენილი.

დღის ამბები