07 აგვისტო 2026,   13:11
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში, 2 კილოგრამი ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებული ჩინეთის მოქალაქეების აღმკვეთი ღონისძიების განხილვა იწყება

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში, 2 კილოგრამი ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებული ჩინეთის მოქალაქეების აღმკვეთი ღონისძიების განხილვა იწყება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ 3 პირს, ბრალის დადგენილება გუშინ გააცნეს.

სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, თბილისში რადიოაქტიური ნივთიერების შეძენას 400 000 დოლარად გეგმავდნენ, შემდეგ კი რუსეთის გავლით, ჩინეთში მის უკანონო ტრანსპორტირებას აპირებდნენ.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად, ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, საქართველოში ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები ჩამოიყვანა და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები.

ადვოკატების თქმით, დაკავებული თავს უდანაშაულოდ თვლის.

"არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას, თვლის, რომ უდანაშაულოა და თუ არსებობს მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი გარემოებები, ამ ყველაფერს წარვადგენთ გამოძიების ეტაპზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კანონდარღვევით არ იმყოფებოდა საქართველოში. მიზანთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ რა მიზნით ჩამოვიდა, საქართველოში იმყოფება ოქტომბრის თვიდან“, - აცხადებს ადვოკატი ელენე მაღლაკელიძე.

დღის ამბები