წინასწარი პატიმრობა ჩინეთის 3 მოქალაქეს - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა დასრულებულია. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. 3 ბრალდებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.
სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, თბილისში რადიოაქტიური ნივთიერების შეძენას 400 000 დოლარად გეგმავდნენ, შემდეგ კი რუსეთის გავლით, ჩინეთში მის უკანონო ტრანსპორტირებას აპირებდნენ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად, ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, საქართველოში ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები ჩამოიყვანა და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები.
"რა საქონელი იყიდებოდა, იყო თუ არა ეს საქონელი კანონშეუსაბამო და შეიძლებოდა თუ არა ამ საქონლის გაყიდვა, თარჯიმანმა ამის შესახებ არაფერი არ იცის. არ ცნობს თავს დამნაშავედ იმიტომ, რომ ბრალში რაც არის მითითებული ამას გაეცნო, მაგრამ ამის შესრულება მას არ სურდა ამ ეტაპზე. ფაქტი რომ მოხდა, ამას აღიარებს“, - აცხადებს ადვოკატი ნინო ბერიშვილი.
დაცვის მხარის განცხადებით, დაკავებულთაგან ერთ-ერთს სინამდვილეში ვერცხლის წყლის შეძენა სურდა.
"ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც ბრალდებულების უდანაშაულობისთვის არის საჭირო, მოპოვებული იქნება ბრალდებულებთან ერთად. ასევე გადაწყვეტილება, რომელიც პატიმრობას ეხება, 48 საათში საჩივრდება და სააპელაციო წესით გაასაჩივრებს დაცვის მხარე. სურდა ვერცხლის წყლის შეძენა როგორც თვითონ განმარტავს და ის მისი ნაცნობები - სხვა ბრალდებული პირები, რომლებთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდათ მასთან, უნდა დახმარებოდნენ ამ კონკრეტული ნედლეულის შეძენაში“, - აცხადებს ადვოკატი თამარ გაგუა.